კელი დეგნანი დააბნია “ხალხის ძალის” მიმართ მთავრობის დამოკიდებულებამ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, დამაბნეველია მთავრობის დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ. ეს განცხადება დეგნანმა “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების შესახებ გააკეთა, რომელთა კიდევ ერთმა ჯგუფმა გუშინ დატოვა მმართველი პარტია.

“ქართული ოცნებიდან” წასულ დეპუტატებს – მოძრაობა “ხალხის ძალას” მმართველი პარტიის კიდევ 5 დეპუტატი გუშინ შეუერთდა.

მოძრობას უერთდებიან დეპუტატები: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.

ასევე, მოძრაობას შეუერთდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ე.წ. სამთავრობო ექსპერტები – თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში უმრავლესობა ფორმალურად დაკარგა.

“ვფიქრობ, ქართულ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რაც ხდება. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ დამაბნეველია ხელისუფლების დამოკიდებულება მათთან კავშირზე, ვინც, როგორც ჩანს, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ. პრემიერმინისტრი და სხვები საუბრობენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.” – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და “კონსპირაციაა ჩვენ გარშემო.” თუმცა სიმართლე ისაა, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი, ეკონომიკა, სამუშაო ადგილების შექმნა:

“ასევე ვიტყოდი, აშშ-ს და საქართველოს სხვა მეგობრებს წვლილი აქვთ შეტანილი იმ კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, რომლებსაც ახლა ვხედავთ.”

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა განსაკუთრებით გასაკვირი იყო, ვინაიდან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას კრიტიკული როლი აქვს ჯანსაღ დემოკრატიაში.

“ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა ესაა მათი როლი, რომ დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება.” – ამბობს კელი დეგნანი.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გაუმართლა, რადგან ჰყავს სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ძალიან პროფესიონალი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამას აკეთებს – იქნება ეს გარემოს დაცვა, კლიმატურ ცვლილებებთან, დაბინძურებასთან ბრძოლა, დასაქმებულების უფლებების დასაცავად რეგულაციების შემუშავების დახმარება:

“სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს ბევრ სექტორში და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაფასოთ ის კარგი სამუშაო, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ.”


პოდკასტი