ირანში სტუდენტების საპროტესტო აქციის დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს
ირანში საპროტესტო აქციების დასაშლელად ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა. კვირას, 30 ოქტომბერს, სტუდენტებმა რევოლუციური გვარდიის ულტიმატუმი და პრეზიდენტის გაფრთხილება – ნებისმიერი სახის გამოსვლებს დაშლიდნენ და არ დაუშვებდნენ “წითელი ხაზის” გადაკვეთას, გააპროტესტეს.

ირანში საპროტესტო აქციების დასაშლელად ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა. კვირას, 30 ოქტომბერს, სტუდენტებმა რევოლუციური გვარდიის ულტიმატუმი და პრეზიდენტის გაფრთხილება – ნებისმიერი სახის გამოსვლებს დაშლიდნენ და არ დაუშვებდნენ “წითელი ხაზის” გადაკვეთას, გააპროტესტეს.
”უსაფრთხოება ისლამური რესპუბლიკის წითელი ხაზია და ჩვენს მტრებს უფლებას არ მივცემთ, განახორციელონ თავიანთი გეგმები ამ ღირებული ეროვნული აქტივის შელახვის მიზნით”, ― განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა.
30 ოქტომბრის აქციის დასაშლელად უსაფრთხოების სამსახურების (სპეცრაზმისა და ბასიჯის) წევრებმა ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ამ პროცესის ამსახველი ვიდეოები სოციალურ მედიაში გავრცელდა.
ირანის ხელისუფლების განმარტებით, უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან აგრესია აქციის მონაწილეების ქმედებამ და საპროტესტო შეძახილებმა გამოიწვია. მსგავსი სტუდენტური გამოსვლები ირანის ათეულობით უნივერსიტეტში მოეწყო. აქციის მონაწილეები (სტუდენტები, ქალები…) თავიანთ თავსაბურავებს წვავდნენ და თმებს იჭრიდნენ.
მასშტაბური პროტესტი და დაპირისპირება 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებამ განაპირობა. ის პოლიციელებმა ტრადიციული ჩაცმულობის წესების დარღვევის გამო დააკავეს და სასტიკად სცემეს. პოლიცია ძალადობის ფაქტს უარყოფს და გარდაცვალების ფაქტს გულის შეტევას აბრალებს.
მაჰსა ამინის მშობლების განმარტებით, მათი შვილი ჯანმრთელი იყო. ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარმა მეთაურმა მომიტინგეებს განუცხადა, რომ შაბათი პროტესტის ბოლო დღე იქნებოდა. მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია მაინც მოაწყვეს.
ირანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაერთიანებული სტუდენტების დაშლას ცდილობდნენ. სოციალური მედიის ცნობით, შაბათიდან მოყოლებული ათეულობით ხელოვანი, ექიმი და ჟურნალისტი დააკავეს.
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის აგორებაში ირანის ხელისუფლება აშშ-სა და ისრაელის აგენტებს ადანაშაულებს და მათ მთავარ მტრებად მოიხსენიებს.
16 სექტემბრიდან დაწყებული პროცესები პირველი დიდი საპროტესტო ტალღაა მას შემდეგ, რაც ირანში 1979 წლის რევოლუციის შედეგად მმართველობის ფორმა და ხელისუფლება შეიცვალა.
შექმნილი რეალობით ირანის მმართველი ძალა აღშფოთებულია. სიტუაციის დროებით განმუხტვის შემდეგ, საინტერესო განცხადება გააკეთა პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაქერ ყალიბაფმა. მან აღნიშნა, რომ ხალხი მართალი იყო, რადგან მოსახლეობა ხელისუფლებას რეფორმებისკენ მოუწოდებდა.
შაბათის ჩათვლით არეულობებისას სულ 283 მომიტინგე, მათ შორის 44 არასრულწლოვანი და უსაფრთხოების ძალების 34 თანამშრომელი დაიღუპა. საპროტესტო აქციების დროს სულ 14000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 253 სტუდენტი.
აღსანიშნავია, რომ საპროტესტო გამოსვლები ირანის 132 ქალაქსა და 122 უნივერსიტეტში მიმდინარეობდა. 2022 წლის 14 სექტემბერს დააკავეს 22 წლის მაჰსა ამინი, რომელსაც ჰიჯაბის ტარების ყველა წესი არ დაიცვა. ის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში და 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
წყარო: Reuters
ავტორი: მეგი მიქაბერიძე

