კლინიკებს პაციენტებისთვის დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ

საქართველოში კლინიკების დაფინანსების მექანიზმი იცვლება. ცალკეული მომსახურებისთვის კლინიკებს პაციენტებისთვის დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. სამედიცინო დაწესებულებებში დღეიდან, DRG სისტემით გათვალისწინებული ჯგუფებით დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური განმარტავს, DRG-ის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ პაციენტს დაფინანსება დიაგნოზის მიხედვით უნაზღაურდება. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე განსაზღვრული არის კონკრეტული ტარიფი, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩარევა სჭირდება, ოპერაცია, რეანიმაცია თუ ა.შ. ყველა ეს ჩარევა უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო დიაგნოზის მიხედვით უხდის. იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი.

„ გადახდის პრინციპი არის ურთიერთობა კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის, პაციენტისთვის არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ადგენს ახალი თამაშის პირობებს კლინიკებისთვის. თუ დღემდე კლინიკას შეეძლო, პაციენტისთვის თანაგადახდის გარდა დამატებითი დაფინანსება მოეთხოვა, მას შემდეგ, რაც ახალი მოდელი ამოქმედდება, ამის უფლება კლინიკას აღარ ექნება”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს (0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება და დაფინანსება ძველი მეთოდით გაგრძელდება რამდენიმე სახის სამედიცინო მომსახურებაზე. ესენია: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია; ​ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა; გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა; მშობიარობა / საკეისრო კვეთა; ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები; ​კომბუსტიოლოგია; ​თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში; სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება.

ცნობისთვის, აღნიშნული მოდელი მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეხება და არ ვრცელდება კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებზე. აღნიშნულ პროგრამამდე სახელმწიფო ჰოსპიტალს კონკრეტულ შემთხვევაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა ანაზღაურებას.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

პოდკასტი