1 ნოემბერს მიქელანჯელომ სიქსტეს კაპელას მოხატვა დაასრულა – 510 წელი ხელოვნების შედევრის შექმნიდან

1512 წლის 1 ნოემბერი – დღე, როდესაც მიქელანჯელომ სიქსტეს კაპელას ჭერის მოხატვა დაასრულა და ხალხმა საკუთარი თვალით ნახა ხელოვნების გასაოცარი ნიმუში.

ვატიკანის მუზეუმში არსებული სიქსტეს კაპელა მიქელანჯელოს შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია.

1512 წლის 1 ნოემბერი – დღე, როდესაც მიქელანჯელომ სიქსტეს კაპელას ჭერის მოხატვა დაასრულა და ხალხმა საკუთარი თვალით ნახა ხელოვნების გასაოცარი ნიმუში. ვატიკანის მუზეუმში არსებული სიქსტეს კაპელა მიქელანჯელოს შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია.

მისი ისტორია კი დაიწყო 1508 წელს, როდესაც რომის პაპმა იულიუს II-მ ჭერის მოხატვა მიქელანჯელოს დაავალა. იტალიური რენესანსის უბადლო წარმომადგენელმა საკურთხევლის ჭერის მოხატვას 4 წელი მოანდომა და შექმნა შედევრი, რომლის შინაარსიც რელიგიურ მოტივებზეა.

აღსანიშნავია, რომ ფრესკის უდიდესი ნაწილი თავად მიქელანჯელოს ხელით არის შესრულებული, რადგან ის თანაშემწეებს არ ენდობოდა. ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ მანამდე, კაპელას ჭერს პიერ მატეო დ’ამელიას ნამუშევარი – ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ამშვენებდა.

ჭერი ვერტიკალურად სამ დიდ ნაწილად იყოფა: ყველაზე მაღლა ძველი აღთქმის „დაბადების“ ცხრა სცენაა გამოსახული: ფრესკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია „ადამის შექმნა“. ადრეც დაუხატავთ მიწაზე მწოლიარე ადამი, რომელიც ღმერთის ხელის უბრალო შეხებით ცოცხლდებოდა, მაგრამ მიქელანჯელომ განსაკუთრებული ოსტატობით გააცოცხლა ამბავი.

მომცრო სცენების გვერდზე შიშველი ფიგურებია, რომლებსაც ხელში სხვა ბიბლიური სიუჟეტების ამსახველი და თითქოს ბრინჯაოში ჩამოსხმული მედალიონები უჭირავთ.
უფრო ქვევით, მეორე ნაწილში, სხედან წინასწარმეტყველები და სიბილები, რომლებიც ქრისტეს მოსვლას წინ უსწრებდნენ.
მესამე ნაწილში, რომელიც სამკუთხედებისა და ლუნეტებისგან შედგება, ქრისტეს წინაპრები არიან გამოსახულნი.
დაბოლოს, თაღის გვერდითა საყრდენებზე ვხედავთ მტრის წინააღმდეგ ებრაელთა ბრძოლის ოთხ ეპიზოდს, მთავარი მოქმედი პირების – დავითის, მოსეს, ივდითისა და ესთერის – ფიგურებით.

„ძველი აღთქმის“ წინასწარმეტყველთა ფიგურები და ნოეს ამბები მნახველს გულგრილს ვერ ტოვებს. ზემოთ ახედვისას თვალწინ სრულიად სხვა, უფრო ღვთაებრივი და იდეალური სამყარო იშლება. თითქოს 21-ე საუკუნიდან ერთი ნაბიჯის გადადგმით ძველ წელთაღრიცხვამდელ პერიოდში ხვდები და შეგრძნება გიჩნდება, რომ იმ მოვლენების თვითმხილველი ხარ, რასაც კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში სწავლობდა და დღემდე სწავლობს.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მიქელანჯელო ბუონაროტი სიქსტეს კაპელაზე მუშაობის დროს ზურგზე იწვა და ზევით მომზირალი ხატავდა. იგი ისე შეეჩვია ამ მოუხერხებელ მდგომარეობას, რომ მიღებულ წერილსაც თავის ზემოთ იჭერდა და ისე კითხულობდა.

გასოცარი ხელოვნების ნიმუშების შექმნის გამო მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი მიქელანჯელო ბუონაროტი სიცოცხლეშივე გენიად იყო მიჩნეული და არაერთი მეცნიერის აზრით მან ხელოვნებას ახალი სული შთაბერა.

როგორც მიქელანჯელო იტყოდა – „ყურადღების გამოჩენა წვრილმანების მიმართ გვაახლოვებს სრულყოფილებასთან, ხოლო სრულყოფილება უკვე აღარ არის წვრილმანი“. მის ნამუშევრებში ნამდვილად იგრძნობა წვრილმანების გაიდეალება, რაც კაცობრიობისთვის მისი გენიალურობის დასტურია.

ავტორი: ქეთა მელიქიშვილი


22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

“ხატავდა ყველაფერზე, ყოველი დღე ხატვით იწყებოდა და მთავრდებოდა”

რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

21 მარტი მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

მწერალი, რომელიც სამარადჟამოდ დაიბადა მკითხველთა გულში – ოთარ ჭილაძე 90 წლის გახდებოდა

პოდკასტი