თბილისში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი იხსნება
საქართველოს მწერალთა სახლში, მაჩაბლის ქ. N13-ში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი იხსნება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ არსებულ მეხსიერებას და აქამდე გაუხმაურებელ ისტორიებს გააცოცხლებს.

საქართველოს მწერალთა სახლში, მაჩაბლის ქ. N13-ში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი იხსნება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ არსებულ მეხსიერებას და აქამდე გაუხმაურებელ ისტორიებს გააცოცხლებს.
ექსპოზიცია დამთვალიერებელს წარმოდგენას შეუქმნის პერიოდზე, კონტექსტზე და იმ მექანიზმებზე, რომლებსაც ტოტალიტარული სახელმწიფო იყენებდა „მწერლობის მოსათვინიერებლად’’. საუბარია 90-მდე ცნობილ პოეტსა და მწერალზე, რომელთა უმრავლესობა საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა. მუზეუმისთვის გამოყოფილი ორი ოთახი მათ უნიკალურ მემკვიდრეობას, მათ შორის პირად ხელნაწერებს და ისტორიულ მასალებს აერთიანებს.
მაჩაბლის ქუჩაზე არსებული მწერალთა სახლის ისტორიული შენობა თავისი მრავალშრიანი წარსულით ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილია, თუმცა ამ შენობაში დიდი საბჭოთა ტერორის დროს მომხდარმა ტრაგედიებმა, ჩვენი საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში მაჩაბლის N13 მყარად დაუკავშირა 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიებს და ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის სიმბოლოდაც აქცია.
1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებიდან მესამე დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლი, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ შენობა ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს რევკომმა გადასცა, მოგვიანებით, იმავე რეჟიმს ამ კედლებშივე გამოჰქონდა განაჩენი სახლის პირველი ბინადარი მწერლებისა და პოეტებისთვის. ამიტომაც ნიშანდობლივია, რომ რეპრესირებული მწერლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მუზეუმი სწორედ ამ სივრცეში განთავსდება.
მუზეუმის მხარდამჭერები არიან იუნესკოს პროექტი – „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და აშშ-ს საელჩო საქართველოში – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის CARDIF-ის ფონდის უშუალო ჩართულობით. მუზეუმის გახსნა დეკემბრის თვეში იგეგმება, თუმცა, მანამდე, რეპრესიული მწერლების მუზეუმის ფარგლებში, მოგზაური მუზეუმი, საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რეგიონს ესტუმრება.
ავტორი: ელენე ვადაჭკორია

