„მოსამართლეებმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს“ – გვარამიას „ვერდიქტს“ ოპოზიციაში გამოეხმაურნენ

ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენის გამოცხადებას ოპოზიციის ლიდერების მხრიდან პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვის ვადით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენის გამოცხადებას ოპოზიციის ლიდერების მხრიდან პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მათი შეფასებით, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებით, მოსამართლეებმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს და ქვეყნის ევროპული მომავლისკენ სწრაფვას საფრთხე შეუქმნეს.

ზოგმა მათგანმა მხარდამჭერებს ადმინისტრაციული კოდექსის მიზანმიმართული დარღვევისა და სასამართლოს ეზოში მიტინგის გამართვისკენ მოუწოდა.

„უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ნიკა გვარამიას და საქართველოს თავისუფლებისთვის. ყველას გთხოვთ, სასამართლოს ეზოში მიზანმიმართულად დავარღვიოთ ადმინისტრაციული კოდექსი და გავმართოთ მიტინგი პროტესტის ნიშნად, ვიდრე ისინი არ აღკვეთენ ამ მიტინგს. არ გვაქვს მორალური უფლება დღეს პროტესტის გარეშე წავიდეთ და სახლში ჩვენს ემოციებთან დავრჩეთ. სათქმელი უნდა ითქვას დღეს ამ ეზოში და არა სხვაგან“, – განაცხადა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ, რომელიც ერთ დროს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებით, მოსამართლეებმა სისხლისსამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მოსამართლეების გადაწყვეტილებას ძალის დემონსტრირებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ვერდიქტი სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მიერ აღებული მიმართულების შედეგია.

ბოკერიას განცხადებით, თუ კი აქამდე, რომელიმე წესიერ და პატიოსან მოქალაქეს სჯეროდა, რომ ამ რეჟიმის პირობებში ქვეყანა სწორ გზაზე დადგებოდა და თავისუფალ სამყაროს დაუბრუნდებოდა, ეს ილუზია ყველამ უნდა გაიქროს. გიგა ბოკერია „მთავარი არხის“ დირექტორის საქმეს გამორჩეულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და რეჟიმმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაც რომ მიიღოს, ეროვნული პრობლემის არსი მაინც არ შეიცვლება.

გვარამიას საქმეზე კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, შეწყალების მექანიზმი აამოქმედოს.

როგორც დეკანოიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია.

ხატია დეკანოიძის აზრით, გვარამია ისედაც თავისუფალია და მისი პატიმრობიდან დახსნა, საქართველოს ევროპულ მომავალს და ინტეგრაციას ეხება.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნეგატიური მოლოდინი ნამდვილად ჰქონდა.

მისი თქმით, ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ისინი დათმობაზე არ წავლენ იქამდე, სანამ ანგარიშგასაწევი ძალა „აქეთ“ არ იქნება.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ვერდიქტით ნათელი გახდა, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი, სადაც დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაგარემოზეა საუბარი, არ სრულდება.

ჯაფარიძის თქმით, კიდევ ბევრი პუნქტია, რაც არ სრულდება და ეს ყველაფერი, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სერიოზული პრობლემების შექმნას ნიშნავს.

მედიასთან საუბარში ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციის ერთიანობის პრობლემასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, ოპოზიციის ერთიანობა არ არსებობს, რაც აუცილებელია. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი გამოსავალს ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს, მათ შორის, ,,ნაციონალურ მოძრაობასთანაც“.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ აღმოცენებული „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სააპელაციო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სანამ დიდი ერთობა არ იქნება, იქამდე ყველა ილუზია უნდა მოისპოს. ერთობაში კი, პოლიტიკოსმა, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ევროკავშირის სტატუსის მოპოვება გააერთიანა.

მისი აზრით, საქართველო დილემის წინაშე დგას – ან რუსეთი ან ევროპა, საქართველო ევროპას ირჩევს, რომლისკენ სწრაფვის გზაზეც დიდ განსაცდელებს აწყდება. ეს წინააღმდეგობები კი, პოლიტიკოსის აზრით, მხოლოდ ერთიანობის შემთხვევაში გადაილახება.

აღსანიშნავია ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს მხრიდან გვარამიას განაჩენის გაუქმებას, რა თქმა უნდა, ბრალდებულის დაცვის მხარის მიერ გასაჩივრების შემთხვევაში, სწორდ ხალხის ერთიანობასა და ძალაში ხედავს.

„ხალხის ერთიანობის ძალის გარეშე არანაირი შეწყალება და უზენაეს სასამართლოში სხვა გადაწყვეტილება არ იქნება, – განაცხადა ვაშაძემ და იქვე განმარტა, რომ ერთიანობის გზით სვლას განაგრძობს იმ ხალხთან ერთად, ვინც ძალას მხოლოდ ამაში ხედავს.

ნიკა გვარამიას სასამართლოს განაჩენის შემდეგ პირველი კომენტარი მისმა მეღლემ, სოფო ლილუაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ სხვა გადაწყვეტილებას არც ელოდა.

ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდება და გვარამიას საქმის მოსამართლეები, საერთაშორისო საზოგადოებისგან განაჩენის შესაბამის პასუხს, აუცილებლად მიიღებენ.

ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეები ამ განაჩენის გამოტანის შემდეგ თვალებში საკუთარ შვილებსაც ვერ ჩახედავენ, თუმცა იქვე დაამატა: „ბრძოლას მათი შვილებისთვის და სინდისისთვისაც გააგრძელებენ, თუმცა, მათ კარგი პასუხის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ“.

 

ავტორი: სალომე ხომასურიძე


რატომ იძარცვება ქარხანა, სადაც სახელმწიფოს 12%-იანი წილი აქვს – სკანდალი ელმავალმშენებელი ქარხნის გარშემო

რვაფეხა ქართულ სასამართლო სისტემაში – როგორ იქმნებოდა კლანური მმართველობა საქართველოში

“სახელმწიფო ღალატისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ” – ბაღათურია სააკაშვილისთვის სასჯელის დამძიმებას ითხოვს

“სააკაშვილი დუმილის სანაცვლოდ, დიდი ფულის შოვნას შეეცდება” – ევროპარლამენტარები ღელავენ

“ნაციონალებისთვის უმჯობესია მელიამ გაიმარჯვოს, “ქართული ოცნებისთვის” – ხაბეიშვილმა”

პოდკასტი