ქართველ მეხანძრე-მაშველებს პოლონელი ინსტრუქტორები გადაამზადებენ

პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრეებს სამი წლის განმავლობაში გადაამზადებენ

პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრეებს სამი წლის განმავლობაში გადაამზადებენ, სულ წვრთნებს 28 მეხანძრე-მაშველი გაივლის. პოლონელმა ინსტრუქტორებმა ქართველ მაშველებს მაღალ მთაში სამაშველო კურსი უკვე ჩაუტარეს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საკითხებში.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, პირველ ეტაპზე სწავლება სვანეთში, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 10 მეხანძრე-მაშველი გადამზადდა. წვრთნები ყაზბეგსა და ბორჯომშიც ჩატარდება.

“სწავლება ორგანიზაცია – ICAD-ის მიერ პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. კურსის დასრულების შემდეგ, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო აღჭურვილობას გადასცემენ. პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას“, -აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ავტორი: ლელა დევდარიანი