100 ივანიშვილის არსებობა საქართველოში მიგრაციის პრობლემას მოაგვარებდა – ინჯიასეული ლოგიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს, „ევროპელი სოციალისტების” წევრი, დეპუტატი ფრიდონ ინჯია სიტყვით გამოვიდა და ძირითადი დრო ბიძინა ივანიშვილზე საუბარს დაუთმო.

ინჯია ევროპარლამენტს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და მიაჩნია, რომ 12-პუნქტიანი რეზოლუცია პირდაპირ საქართველოს მმართველი პარტიისა და, პირადად, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული.

მისი აზრით, ებრძვიან ადამიანს, რომელმაც მილიარდები მოუტანა საქართველოს, მაგრამ ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე, რომელმაც საქართველოდან მილიარდები გაიტანა, არცერთ რეზოლუციაში არ საუბრობენ.

„ებრძვიან გამარჯვებულ პარტიას, რომელსაც წარმოადგენს “ქართული ოცნება” და ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს. პირდაპირ ებრძვიან ადამიანს, რომელმაც მილიარდები მოუტანა საქართველოს და ჩადო ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა სახით, როგორც ერთი ხელისუფლების პირობებში, ასევე წინა ხელისუფლების პირობებში; ებრძვიან ადამიანს, რომელსაც მილიარდები აქვს საქართველოში შემოტანილი. ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე, რომელსაც საქართველოდან მილიარდები აქვს გატანილი, ხმასაც არ იღებენ და არცერთ რეზოლუციაში საუბარი არ არის”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

მან საქართველოში 100 ბიძინა ივანიშვილი ინატრა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ემიგრაციაში აღარ წავიდნენ.

“თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს საქართველოში 100 ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს და იგივე გზას ადგეს, იმავეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, როგორი იქნება ჩვენი საქართველო. კი, მიდის საქართველოდან ხალხი, მაგრამ არის ეს ტენდენცია და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ხალხი არ წავიდეს. როცა იქნება ასი ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ეს ხალხი არ წავა. რა კარგი იქნებოდა, რომ 100 ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ.