დავიცვათ ბავშვები უცხო პირებისგან – რამდენიმე წესი, რაც უნდა იცოდეს მოზარდმა
ბოლო დროს თბილისსა და საქართველოს არაერთ რეგიონში უცხო პირები, სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში, სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ, ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას და მათ დაყოლიებას, ერთად გადაადგილდნენ სატრანსპორტო საშუალებით.

ბოლო დროს თბილისსა და საქართველოს არაერთ რეგიონში უცხო პირები, სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში, სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ, ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას და მათ დაყოლიებას, ერთად გადაადგილდნენ სატრანსპორტო საშუალებით.
სოციალურ ქსელში, არაერთმა მშობელმა აღნიშნა მსგავსი საეჭვო ფაქტის შესახებ.
როგორც მედია სააგენტო “24”-ს სახალხო დამცველის პრესსამსახურში განუცხადეს, ინფორმაცია სასწავლო დაწესებულებებთან უცხო პირების მხრიდან მოზარდებთან გამოლაპარაკების მცდელობის 5 ფაქტის შესახებ აქვთ.
“სახალხო დამცველი სავარაუდო შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის და თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს. საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე – 1481”, – აცხადებენ ომბუდსმენის პრესსამსახურში.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა შვილებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია და ავუხსნათ, მსგავს შემთხვევაში როგორ მოიქცნენ.
საკუთარი უსაფრთხოებისთვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ბავშვმა უნდა იცოდეს:
1. მშობლების სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი (ერთის მაინც), საკუთარი მისამართი, 112 – ნომერი და მარტივი ინსტრუქცია – როდის დარეკოს, რა თქვას.
2. ბავშვმა უნდა იცოდეს, ვინ არის მისთვის უცხო. უცხო და უცნობია ყველა, ვინც ბავშვს არასდროს უნახავს, ვისთანაც არ ულაპარაკია, ვისი სახელიც არ იცის.
3. უცნობმა შეიძლება მიმართოს მას სახელით, იცოდეს მშობლების სახელები, ჰგავდეს ვინმე ნაცნობს – ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ის არ არის ოჯახის წევრი, ოჯახის მეგობარი და თუ ბავშვი პირველად ხედავს მას, ის არის უცნობი ადამიანი.
4. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ: არ გაჰყვეს არსად და არასდროს – მიუხედავად იმისა, რას სთავაზობს უცხო ადამიანი მას.
5. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ არის უზრდელობა, თუ უცნობს არ დაელაპარაკება.
6. თუ უცნობი გააგრძელებს მასთან საუბარს, ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს – თუ უცნობი თან ესაუბრება და თან ეხება ან ცდილობს, თავისი მიმართულებით წაიყვანოს ბავშვი, მან უნდა იყვიროს, იღრიალოს, იქნიოს ხელები, თითქოს ფრთებია (ასე რთულია ჩაჭიდება და მოხელთება), მან უნდა იყვიროს – დარეკეთ პოლიციაში! მე ამ ადამიანს არ ვიცნობ!
7. ასწავლეთ – სკოლასთან, ბაღთან ან ეზოში თუ მოვიდა ვინმე, ვისაც არ იცნობ, თუ გეკითხება სახელს, გვარს, სად არიან მშობლები ან სვამს ნებისმიერ სხვა კითხვას. თუ გთავაზობს ნებისმიერ რამეს, შენი პასუხია – უცნობებს არ ველაპარაკები!
8. არასდროს არავის მიჰყვები მანქანასთან! მანქანაში უჯდები მხოლოდ დედას, მამას, ბებოს, ბაბუს (კონკრეტული ჩამონათვალი, ვისაც შეიძლება ჩაუჯდეს მანქანაში!)
9. ჩვენს კულტურაში დამკვიდრებული პრაქტიკაა ბავშვისთვის ტკბილეულის შეთავაზება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცნობისგან არასდროს აიღოს შემოთავაზებული ტკბილეული. ამ წესების სწავლა სასურველია თამაშებისა და რეალური აქტივობების გამოყენებით. არ დაზაფროთ ბავშვები და ზედმეტად ნუ დააშინებთ მათ. ნუ დასტრესავთ საკუთარი შეშფოთებითა და დიდაქტიკური ტონით. მოიფიქრეთ თამაშების სცენარები და გაიარეთ ეს საკითხები თამაშ-თამაშით.
ლელა დევდარიანი

