სიგარეტის შეფუთვიდან მალე მიმზიდველი ფერები გაქრება – თამბაქო უსახურ კოლოფში!

საქართველოში სიგარეტის სადა შეფუთვის რეგულაცია პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა. თემასთან დაკავშირებით მედია სააგენტო “24” თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს ესაუბრა.

– რას ითვალისწინებს თამბაქოს ახალი შეფუთვა და რისთვის არის საჭირო ამ ნორმის ამოქმედება?

– თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტის წესის დამკვიდრება მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას და სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობის და თვალსაჩინოების გაზრდას. ამისთვის ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი იქნება ერთფეროვანი და აიკრძალება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლე ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. როგორც მოგეხსენებათ, ავსტრალიაში 10 წლის წინ დაიწყო ამ ნომრის შემოღება, შემდეგ შეუერთდა ევროპა, აზია. დაახლოებით 35 ქვეყანაში მოქმედებს ეს ნორმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა რიგშია. მისი ეფექტიანობა კვლევებით უკვე დადასტურებულია.

– როგორც ცნობილია, ეს ნორმა ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში უნდა შესულიყო ძალაში და ხუთი წლით გადავადდა, რამ გამოიწვია ეს ცვლილება?

– დიახ, ეს ნორმა 5 წლის წინ უნდა ამოქმედებულიყო ჩვენთან, თუმცა, თამბაქოს ბიზნესმა მაშინ კარგად იმუშავა. 2017 წლის 17 მაისს, პარლამენტმა დაამტკიცა მთელი რიგი ცვლილებების პაკეტი, ხოლო ივნისის თვეში საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი ესტუმრა, ის ცნობილია, როგორც 2000-იან წლებში ,,ფილიპ მორისის’’ ოფიციალური ლობისტი. როგორც ჩანს, ჩვენი ორგანიზაციის ვარაუდით, ვიზიტის დროს ამ საკითხზეც დაიდო გარკვეული შეთანხმება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, რადგან პარლამენტმა მალევე შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და საკმაოდ სერიოზული ჩარევისა და ლობირების შედეგად, ეს ნორმა 5 წლით გადაავადა.

– მაისში პარლამენტმა კვლავ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი. თქვენი შეფასებით, ამჯერად მაინც შევა ძალაში თამბაქოს სადა შეფუთვის ნორმა?

– ძალიან დიდი იმედი გვაქვს, თუმცა, რაც რეგლამენტის დამტკიცების თარიღი ახლოვდებოდა თამბაქოს ბიზნესი გააქტიურდა, იყო საუბრები, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროშიც, რაც სამწუხაროა, რადგან მათ უნდა ჰქონოდათ პრინციპულად საკუთარი პოზიციები და უფრო მკვეთრი და მკაცრი უნდა ყოფილიყო ეს რეგლამენტი. პარალელურად, თამბაქოს ბიზნესი გააქტიურებულია და პოლიტიკოსებშიც არ გაუჭირდათ ლობისტების მოძიება. ეს ნორმა თამბაქოს კოლოფების გარდა, ვრცელდება გასახურებელი თამბაქოს ე.წ. აიქოსის კოლოფებზეც. ამან დააბნია ბიზნესი. არ ელოდნენ, რომ ნორმა გასახურებელ თამბაქოსაც შეეხებოდა. როგორც ჩანს, მათ დაიწყეს გარკვეული სერიოზული ლობისტური მოქმედებები.

– რას გულისხმობთ ლობისტურ მოქმედებებში?

– პარლამენტის რამდენიმე წევრმა უკვე დააყენა საკითხი, რომ სადა შეფუთვის შემოღების თარიღი, კიდევ ორი წლით გადავადდეს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ისკო დასენს, რომელიც სათამაშო ბიზნესის ძირითადი ლობისტია და იმავდროულად, თამბაქოს ბიზნესის ლობირებაშიც არის შემჩნეული. ასევე გამოვყოფ დავით სონღულაშვილს, რომელიც 2017 წელს თამბაქოს კონტროლის მიმართულებით პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა, დღეს სადა შეფუთვის ნორმის გადავადებას აქტიურ ლობირებას უწევს. მათთან ერთად, კიდევ რამდენიმე დეპუტატი უკრაინაში არსებული ტრაგიკული მდგომარეობით მანიპულირებს. თუმცა, ამ პროცესებთან ომს არანაირი კავშირი აქვს. უკრაინაში ყველა საწარმო ფუნქციონირებას განაგრძობს. დღემდე სწორედ უკრაინაში მზადდება ისრაელში გასატანი, სადად შეფუთული თამბაქოს ნაწარმი. ამიტომ, მათი ეს შეგონება სრულად საფუძველს მოკლებულია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ბატონები უარს იტყვიან მათი იმიჯისთვის ძალიან სარისკო ლობირებაზე და პარლამენტი, მაისში დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს, 31 დეკემბერს სისრულეში მოიყვანს.

 

ავტორი: ელენე ვადაჭკორია