კალაძის დაანონსებულ ახალ პროექტს თბილისელები ნეგატიური განწყობით შეხვდნენ
თბილისის მერიის მიერ დაანონსებულ წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ადგილობრივი მცხოვრებლებისგან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში ძალიან ბევრმა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათი დიდი ნაწილის განწყობა საკმაოდ კრიტიკულია.

როგორც თბილისის მცხოვრებლები წერენ, ახალი პროექტების დაწყების ნაცვლად, მერიამ ფულის შოვნის იოლი ფორმა აირჩია. ისინი დედაქალაქის მერიისგან ითხოვენ, რომ დანგრევის პირას მყოფ სახლებს მიაქციონ ყურადღება.
“იმის მაგივრად, რომ ამ 10 წელიწადში, რაიმე ახალი პროექტი განეხორციელებინა, მერმა ფულის შოვნის იოლი ფორმა აირჩია. ჩუღურეთი ინგრევა და გაკეთებულ წერეთელს ხელახლა აკეთებს, როგორც მელიქიშვილი, მეტეხის ხიდი, ვაკის პარკი და ა.შ.’’, – წერს მადონა ჯოხარიძე.
“ჯერ სხვა, დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მორჩნენ, თორემ გასავლელი ადგილი აღარაა ქალაქში. სამუშაოების დაწყების ინტენსივობა კარგია, მაგრამ დამთავრებას არასდროს არ აპირებენ’’, – წერს გიორგი კოტრიკაძე.
ქეთი ჩეფხოძე: “მელიქიშვილის გამზირი ხომ დაამთავრეს და ბრწყინავს, ახლა წერეთელს მიადგნენ”.
მარიამ დევდარიანი: “წარმოდგენაც არ მინდა რამდენი წელი იქნება გადაკეტილი და გადათხრილი წერეთლის გამზირი და რა პრობლემებს შექმნის ქალაქში. ასი წლის მერე, როცა გააკეთებენ და გახსნიან, ან უკუღმა იქნება, ან რამე დაავიწყდებათ, ან სხვაგან იქნება გზა გადატანილი შეცდომით”
თაკო ქიტესაშვილი: 5-მეტრიანი ქუჩა (კედია) ვერ დაამთავრეთ ვერასდროს და მთლიან წერეთელს, რა დროს მოანდომებთ წარმომიდგენია!”
თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური და დედაქალაქისთვის მაგისტრალური მნიშვნელობის ქუჩის – აკაკი წერეთლის გამზირის – სრული რეაბილიტაცია მომავალი წლის დასაწყისში, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ დაიწყება. სამუშაოები გულისხმობს გამზირის ინფრასტრუქტურის სრულად შეცვლას. წერეთლის გამზირზე წლებია, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა, გამზირის დაზიანებული მონაკვეთები ხშირად საცობების მიზეზი ხდება.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, აკაკი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტი მთლიანი გამზირის საფუძვლიან სამუშაოებს გულისხმობს. შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, მოაწესრიგებენ ტროტუარებს და ავტობუსის ზოლებს დახაზავენ.
დედაქალაქის ავარიულ შენობებს რაც შეეხება, ეს პრობლემა თბილისის თითქმის ყველა უბანში მწვავედ დგას. კითხვაზე, თუ როდის და როგორ აპირებს დედაქალაქის მთავრობა კალაძის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, მედია სააგენტო “24”-ს მერიაში განუცხადეს, რომ ქალაქში, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი შენობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული. ამ დროისთვის, პროგრამაში ჩართულია 20-ზე მეტი პროექტი, რომელთა განხორციელებაც სხვადასხვა ეტაპზეა.
მათივე ინფორმაციით, პირველი საპილოტე პროექტი სამგორის რაიონში დაიწყეს, სადაც მრავალბინიან ავარიულ კორპუსს დაანგრევენ, იქ მცხოვრებ 36 ოჯახს კი 2 წლის განმავლობაში მერია ქირას გადაუხდის.
ავტორი: ლელა დევდარიანი

