ტრამპი უკან დაბრუნებას არ აპირებს – ილონ მასკიმ ტვიტერი “გაათავისუფლა”

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი სოციალურ ქსელ ტვიტერის მფლობელი გახდა. ეს შენაძენი მას 44 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდა.

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი სოციალურ ქსელ ტვიტერის მფლობელი გახდა. ეს შენაძენი მას 44 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდა.

“ჩიტი გათავისუფლებულია” – ამ სიტყვებით აცნობა მასკმა, ერთ დილით მსოფლიოს კომპანიის შესყიდვის შესახებ. როგორც თავად განმარტავს, სოციალური ქსელი კაცობრიობის დასახმარებლად შეიძინა და სურს “ცივილიზაციას საერთო ციფრული თავშეყრის ადგილი ჰქონდეს”.

28 ოქტომბრიდან ტვიტერის აქციები საფონდო ბირჟაზე აღარ იყიდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტვიტერის შესყიდვისთანავე მასკმა კომპანიის ხელმძღვანელები გაათავისუფლა. საუბარია, კომპანიის აღმასრულებელ, ფინანსურ და იურიდიულ დირექტორებზე, რომლებიც 27 ოქტომბრის საღამოს, ტვიტერის სან-ფრანცისკოს მთავარი ოფისიდან გაიყვანეს.

როგორც მასკი ამბობს, პლატფორმა უნდა დარჩეს „სტუმართმოყვარე ადგილად“, სადაც კანონებს იცავენ და ის არ უნდა იქცეს „ჯოჯოხეთურ თავყრილობად, სადაც ყველასთვის ყველაფერი დასაშვებია“.

დეზინფორმაციისა და ძალადობრივი რიტორიკის ექსპერტებმა სოციალურ მედიაში გამოთქვეს შიში, რომ მასკი პლატფორმაზე დაბრუნების საშუალებას იმ საკამათო ფიგურებს მისცემს, რომლებიც რასიზმის, სიძულვილის ენისა და სიცრუის გავრცელებისთვის იყვნენ დაბლოკილი. მათ შორის არის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ტვიტერმა 2021 წლის 8 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაზე ტრამპის მხარდამჭერების მიერ მიტანილი შტურმის შემდეგ, დაბლოკა.

კომპანიის მიზანი იყო თავიდან აეცილებინა ტრამპის ტვიტების მიერ ძალადობის წაქეზების რისკი. მაშინ, ილონ მასკმა ტვიტერის ამ გადაწყვეტილებას “სულელური” უწოდა. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი აცხადებს, მისი ანგარიშის აღდგენის შემთხვევაშიც კი, ტვიტერზე დაბრუნებას არ აპირებს და თავის პლატფორმა Truth Social-ზე დარჩება.

სხვა სოციალური ქსელების მფლობელებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გაცხადებისგან თავს იკავებენ, ცნობილია, რომ ილონ მასკი 2022 წლის შუალედურ არჩევნებში მხარს აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს დაუჭერს.

ილონ მასკმა ტვიტერის აქციების შესყიდვა ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში დაიწყო. აპრილის ბოლოს მასკმა ტვიტერის შესყიდვის შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა მომდევნო თვეებში აზრი შეიცვალა და თქვა, რომ კომპანიის შეძენა აღარ სურდა, რადგან ტვიტერმა მას დაუმალა, სოციალურ ქსელში განთავსებული აქტიური „ბოტ ანგარიშების” შესახებ. სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტვიტერის მომხმარებლების, დაახლოებით 5% „ბოტია“, თუმცა მასკის თქმით, შესაძლოა ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყოს.

ივლისში ტვიტერმა ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა მილიარდერს მიღწეული შეთანხმება შეესრულებინა. ოქტომბერში მასკმა იმ პირობით, რომ სასამართლო პროცესი შეჩერებულიყო, კომპანიის შეძენის გეგმები განაახლა. სასამართლომ მხარეებს შეთანხმების დასრულებისთვის ვადა 28 ოქტომბრამდე მისცა. საბოლოოდ, პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა Twitter-ი 44 მლრდ ამერიკულ დოლარად მაინც იყიდა.

 

ავტორი: ელენე ვადაჭკორია


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

პოდკასტი