თბილისის მთავარი ტრანსპორტი 18-მეტრიანი ავტობუსები გახდება

თბილისის მერია, 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხით აღარ შეისყიდის.

ახალი სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ამასთან დაკავშირებით მერიამ ფინანსთა სამინისტროს უკვე მიმართა. პროექტის დასაფინანსებლად მერია 200 მლნ ლარს ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას აცხადებს, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისში შემოყვანას ტრანსპორტის დაგეგმარებასთან ახლოს მყოფი პირები უკვე 2 წელია, რაც ელოდებიან.

“როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ მთავრობა სესხს აღარ აიღებდა, ეს ფაქტი პანიკის საფუძველი გახდა, რადგან საზოგადოებაში ფიქრობდნენ, რომ მერია ავტობუსებს აღარ შეიძენდა“, – გვითხრა ბაბუნაშვილმა.

მისივე შეფასებით, დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა, წინა წლებთან შედარებით, ნელ-ნელა იხვეწება, რაშიც ავტობუსების ზოლს გადამწყვეტი როლი აქვს.

“შეიძლება ითქვას, რომ სატრანსპორტო სისტემა, ავტობუსების ზოლის სახით, ამ ეტაპზე იქმნება. 2 წლის წინ, ფრანგულმა კომპანია “სისტრამ” ავტობუსების თითოეული დერეფანი, მოძრაობის მარშრუტი და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გათვალა და მერიას გეგმა გააცნო. პროექტის მიხედვით, 10 ძირითადი დერეფანია, რომელიც ყველა ძირითად მიმართულებაზეა გათვლილი და ძირითად, უბნებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ დერეფანს, თავისი დაგეგმარების სტანდარტი აქვს, რომელიც ასევე “სისტრას” მიერაა წარმოდგენილი”, – განუცხადა “24”-ს გიორგი ბაბუნაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს დერეფნები სწორედ იმისთვის კეთდება, რომ პირველიდან ბოლო გაჩერებამდე, ავტობუსი, რომელიც ამ ზოლში მოძრაობს, ავტომობილების საცობების გამო არ უნდა შეფერხდეს. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ სანამ საავტომობილო ზოლები მთლიანად არ შეიკვრება, სისტემა აწყობილად არ ჩაითვლება. ხოლო, მას შემდეგ, რაც ავტობუსის ზოლები საბოლოოდ შეიკვრება, ბაბუნაშვილის თქმით, თბილისის ძირითადი სატრანსპორტო საშუალება სწორედ 18-მეტრიანი ავტობუსები გახდება.

როგორც გიორგი ბაბუნაშვილმა “24”-თან საუბრისას განაცხადა, ერთი წლის წინ, დედაქალაქის მერიამ, თურქეთიდან ისეთივე 18-მეტრიანი ავტობუსი ჩამოიყვანა, როგორის ყიდვაც აქვთ დაგეგმილი. ავტობუსი თურქეთში იქირავეს და თბილისის ქუჩებში სატესტო რეჟიმში, ღამის საათებში მოძრაობდა. პროცესს მერიის თანამშრომლებთან ერთად კომპანია “სისტრას” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ავტობუსების ზოლებისა და 10 დერეფნისთვის მთლიანობაში 1060 ავტობუსი იყო გათვლილი, საიდანაც 860 ერთეული თბილისის მერიამ გასულ წლებში შეიძინა და უკვე ქალაქში მოძრაობს,140 ავტობუსი – რეზერვშია, დარჩენილი 200 კი, სწორედ 18 მეტრიანი ავტობუსი უნდა იყოს. 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა 2023-2024 წლისთვის იგეგმება. გაბარიტებიდან გამომდინარე ცხადია, ასეთი ავტობუსები თბილისის ყველა ქუჩაზე ვერ იმოძრავებენ.

18-მეტრიანი ავტობუსისთვის თბილისის მერიამ შემდეგი მარშრუტები შეიმუშავა:

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა – გაბრიელ სალოსის ქუჩა;
უნივერსიტეტის ქუჩა – მოსკოვის გამზირი;
თამარაშვილის ქუჩა – მოსკოვის გამზირი;
ჭავჭავაძის გამზირი – ხიზანიშვილის ქუჩა;
ვაჟა-ფშაველას გამზირი – ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა;
უნივერსიტეტის ქუჩა – კუპრაძის ქუჩა;
ხიზანიშვილის ქუჩა – კუპრაძის ქუჩა;
დემეტრე თავდადებულის ქუჩა – სადგურის მოედანი;
დემეტრე თავდადებულის ქუჩა – უნივერსიტეტის ქუჩა;
ხიზანიშვილის ქუჩა – უნივერსიტეტის ქუჩა.

სალომე ხომასურიძე


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი