როდის იწყებს ბავშვი არარეალური “მეს” შექმნას – უფროსების აგრესია ბავშვის ფსიქიკაზე ილექება

პატარაობაში მიღებული გაცნობიერებული, თუ გაუცნობიერებული ტრავმა, ადამიანის გონებაში ღრმად ილექება და ზრდასრულობაში ვლინდება.

ამ დროს, როგოც წესი, ვერ ხვდებიან, რომ არსაიდან მოსული მენტალური პრობლემები სწორედ იმ ტრავმების ბრალია, რომელიც წლების წინ გადაიტანეს.

ბავშვობაში მიღებული ზიანი, ზრდასრულობაში ისეთი ფორმით გამოიხატება, როგორიცაა: გონებრივი აშლილობა, დეპრესია, პანიკური შეტევები, არსაიდან მოსული ბრაზი, ინერტულობა, პასიური აგრესია და სხვა. მათგან ყველაზე ხშირია: მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნის განცდა, არარეალური „მეს“ შექმნა, პასიური აგრესია და ინერტულობა. საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია. ბავშვობის ტრავმის მქონე პირებს, მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნის განცდა აქვთ, ნებისმიერ ურთიერთობაში თავს მსხვერპლად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ თავიანთი ცხოვრების მართვა არ შეუძლიათ.

აღნიშნული ფიქრები, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა და ავადმყოფის გონებიდან მოდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საკუთარი თავისა და სიტუაციის კონტროლის სწავლა. პატარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდოს, რომლებიც სიყვარულსა და სითბოს აგრძნობინებენ. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ბავშვი თავის შინაგან „მეს“ თრგუნავს და არარეალურ ადამიანს ქმნის, რომელიც თავისი აზრით, სხვებს ეყვარებათ.

ეს დამოკიდებულება მას ზრდასრულობაშიც მიყვება და შედეგად მთელ ცხოვრებას შენიღბული, ტყუილში ატარებს. თუ ოჯახში მუდმივად კამათობენ და ბრაზს არაჯანსაღი ფორმით გამოხატავენ პატარა ფიქრობს, რომ მრისხანების გამოხატვა არასწორია. ამ დროს, ბავშვი ცდილობს, რომ ბრაზი არაფერზე გამოხატოს და ემოციები დამალოს, რაც დრო და დრო ილექება და საბოლოოდ, ადამიანს პასიური აგრესია უყალიბდება.

ბავშვობაში ოჯახის წევრისგან ყურადღების ნაკლებობა, ბავშვს შიშისა და მრისხანების დაგროვებისკენ უბიძგებს. ადამიანს ჰგონია, რომ მრისხანებით ყურადღებასა და თანადგომას მიიღებს, თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე ინერტული ხდება და საკუთარი პოტენციალის გამოყენებისკენ აღარ მიისწრაფვის.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა: “თუ წყალი სათავეშივე აიმღვრა, ბოლომდინ მღვრიედ ივლის”.

ამიტომ აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ბავშვის მენტალური და ფიზიკური განვითარებისთვის მშვიდი გარემოა საჭირო და აღნიშნულის შექმნაზე, მის დაბადებამდე ვიზრუნოთ.

 

თაკო ბოკუჩავა