“ბორჯღალოსნებმა” ნოემბრის თამაშების სერია მოგებით დაიწყეს

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა – “ბორჯღალოსნებმა” ნოემბრის თამაშების სერია მოგებით დაიწყეს. 6 ნოემბერს, საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაი ანგარიშით 34:18 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონ “დინამო არენაზე” გაიმართა.

ბექა გორგაძემ 3, ხოლო გურამ პაპიძემ 1 ლელო გაიტანა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის განცხადებით, მორაგბეები ჩქარი ტემპით თამაშობდნენ, რაც შეცდომების რაოდენობაზე აისახა.

მთავარი მწვრთნელი მატჩის ხარისხითა და ანგარიშით კმაყოფილია. მან დადებითად შეაფასა მოგებული შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში ურუგვაის ნაკრებმა, მოპოვებული ჯარიმის 3 ქულით, გახსნა. მიუხედავად შეცდომებისა, “ბორჯღალოსნებმა” მოგება შეძლეს.

საქართველოს რაგბის ნაკრები ურუგვაის, 2003 წლიდან მოყოლებული, უკვე შვიდჯერ დაუპირისპირდა. “ბორჯღალოსნებს” სტატისტიკურად 5 მოგება და 2 წაგება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს შემდეგი შეხვედრა 12 ნოემბერს “სამოას” წინააღმდეგ აქვს.

ავტორი: მეგი მიქაბერიძე