მონასტრის აღდგენა თუ ბარბაროსობა – სკანდალი ხინოწმინდის მონასტრის გარშემო 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოში შემორჩენილი არქეოლოგიური ძეგლის, ხინოწმინდის მონასტერში, აღდგენითი სამუშაოები რესტავრაციის ნორმების უხეში დარღვევით მიმდინარეობს.

მონასტრის რეკონსტრუქცია – ფოტო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გვერდიდან

მონასტრის ნანგრევებზე დადგმულია რკინა-ბეტონის კოლონები, ზემოდან კი კედლებს პემზის ბლოკებით აშენებენ.

სიტუაციის გარკვევას მედია სააგენტო “24” -ი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში შეეცადა, თუმცა, კომპეტენტურ კომენტარს მათ დუმილი არჩიეს და გვირჩიეს, სააგენტოსთვის ოფიციალური განცხადებით ანუ წერილობით მიგვემართა.

როგორც სანდო წყაროდან შევიტყეთ, პროექტის ავტორი არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძეა, რომელმაც სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. მონასტრის რეკონსტრუქციის პროექტის ამ სახით გატანას წინააღმდეგობა შეხვდა საქართველოს საპატრიარქოს მხრიდანაც, მაგრამ, როგორც სააგენტოს ფეისბუქგვერდზე 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიგებთ, პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს.

მედია სააგენტო “24”-თან საუბარში, სფეროს სპეციალისტებმა ავთენტურ ნაგებობაზე ზემოდან ბეტონის კოლონების დაშენებას, ბარბაროსობა უწოდეს. მათი შეფასებით, მონასტრის აღდგენა რესტავრაციის ნორმების უხეში დარღვევით მიმდინარეობს.

 

ხინოწმინდის მონასტერში მიმდინარე სამუშაოებს პოლიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ ისტორიული ძეგლის ისეთი მეთოდებით აღდგენა-რესტავრაცია, როგორც ამჟამად მიმდინარეობს, სრულიად მიუღებელია.

ირაკლი მელაშვილის ინფორმაციით, ნაეკლესიარს, რომლის კონსერვაციაშიც სამი წლის წინ ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯა, რკინა-ბეტონის ახალ კონსტრუქციას დააშენებენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი დაიხარჯება.

 “ამის გამკეთებელს ჭკუა მოეკითხება? რომელმა უვიცმა დაგეგმა უძველესი ეკლესიის, ისტორიული ძეგლის ასეთი მეთოდებით “აღდგენა-რესტავრაცია”? ვინ გითხრათ, რომ ამ ბარბაროსობას ეს სახელი ჰქვია? წინა წლების ყველაზე ცუდი მაგალითი და გამოცდილება, რატომ გადმოგაქვთ ? ისტორიულ ძეგლს ახლოს არ უნდა მიაკარო ამის დამპროექტებელი! ხოლო თანამდეობის პირს, რომელიც ასეთ ბარბაროსობას აკანონებს და იბარებს, ჯერ თანამდებობა უნდა დაატოვებინო მგლის ბილეთით, რომ ამ გულგრილმა უვიცმა ვერსად, სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ვერ დაიწყოს და მერე კი, საერთოდ, ძეგლთან ახლოს მისვლა უნდა აუკრძალო, რესტავრაციის კი არა, მგონი, ძეგლის დათვალიერების უფლებაც უნდა ჩამოართვა!”, – წერს ირაკლი მელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის აღდგენით სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა ადგილზე მოინახულეს.


“სამუშაოები ვადების დაცვით ხორციელდება და დაგეგმილთან ზუსტ თანხვედრაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად 2023 წლის ბოლოს დასრულდება და ახალი ნაგებობა დარბაზული ტიპის იქნება”, – იტყობინება სააგენტოს ფეიბსუქგვერდი. 

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია XVI საუკუნიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე ხინოს საეპისკოპოსოს ცენტრს წარმოადგენდა. ეკლესია სოფლის თავში, მდინარე კინტრიშის მარჯვენა ნაპირზე, ოთხკუთხა გალავნის შიგნით იდგა. დანგრევისას მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი გადარჩა, სალაროთი და ეკვდერით. ტაძარი საბოლოოდ 1919 წელს დაანგრიეს.