თბილისის “ქართველ მეფეთა სკვერში” ერეკლე II-ის ბიუსტი დაიდგა
ერეკლეობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, ქართველი მეფის, ერეკლე II-ის ბიუსტი დაიდგა. პროექტი კულტურის სამინისტროსა და სხვა დონორების ხელშეწყობით, „ქართველ მეფეთა სკვერის“ მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტი 2021 წელს დაიწყო და დღეისათვის ტაძრის ეზოში ბაგრატოვანთა მამამთავრის – ბიბლიური დავით მეფის, თეიმურაზ პირველისა და ერეკლე მეორის ბიუსტი დგას.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს: “სარაჯიშვილის საქველმოქმედო ფონდი”, ბანკი “ქართუ”, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, ბიზნესმენი გიორგი შიუკაშვილი, ქართული გალობის განვითარების ცენტრი.
ერეკლეობა დღეს თელავში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. ერეკლეობასთან დაკავშირებით თელავის მუზეუმმა ერეკლე II-ის გამოსახულებით ფაზლები, კალენდარი და სასაჩუქრე ჩანთები გამოსცა.
თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში დიდი ქართველი მეფისადმი მიძღვნილი გამოფენა – „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“ გაიხსნა; სამინისტროს დაფინანსებით გამოცემული 200-გვერდიანი, ორენოვანი ფერადი კატალოგ-ალბომის წარდგინება გაიმართა. ექსპოზიცია, რომელსაც მანამდე თბილისის ეროვნული გალერეა მასპინძლობდა, ქართველი მონარქის დიდი საქმეების ამსახველ უნიკალურ მასალას, საოჯახო ნივთებს აერთიანებს, რომელთა შორის არის: მეფე ერეკლეს ბავშვობის დროინდელი სათამაშო, თოფები, ხმლები, ერეკლე მეფის პორტრეტი, მეფის ოჯახის წევრთა ნაქარგები და წიგნები.
დღესასწაულის ფარგლებში, მეფის სასახლის აივანზე სასახლის რეაბილიტაციის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა, მუზეუმის დერეფანში კი ნინო ბონდარენკო-მრელაშვილის გამოფენა – „გადაშლილი წიგნი“ – მოეწყო.
ავტორი: თაკო ბოკუჩავა

