ილიას დაბადებიდან 185 წელი გავიდა – ღია კარის დღე ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

185 წლის წინ, 1837 წლის 8 ნოემბერს, დიდი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი, საქართველოს 1861-1907 წლების ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე დაიბადა.

2022 წლის 8 ნოემბერს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლის საიუბილეო დღე აღინიშნება. ღონისძიებაზე სტუმრებსა და დაინტერესებულ პირებს მარავალფეროვანი პროგრამა და საგანმანათლებლო აქტივობები ელით.

10:00 საათიდან 18:30 საათამდე მუზეუმი ღიაა დამთვალიერებლებისა და სტუმრებისთვის.

ილია ჭავჭავაძე, როგორც პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ფელეტონისტი და მთარგმნელი ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებაზე დღემდე დიდ გავლენას ახდენს. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა XIX საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში. სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომლებმაც ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში მოდერნული, ევროპული იდეები და ხედვები შემოიტანეს.

ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაარსდა და სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქართულ ჟურნალისტიკაში მის მიერ გამოცემულმა გაზეთებმა „საქართველოს მოამბემ“ და „ივერიამ“.

ილია ჭავჭავაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში პირველი ფინანსური დაწესებულების – სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნაში, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. დაწესებულების რესურსი, საქართველოში სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ პროექტებს ხმარდებოდა.

ილიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. მისი თაოსნობით არაერთი სკოლა გაიხსნა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რამაც საქართველოში რუსიფიკაციის პროცესი შეაჩერა.

ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას, ქართული ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაში, უდიდესი როლი მიუძღვის. მისი წერილების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს: ეროვნულ საკითხებს, ლიტერატურას, განათლებას, თეატრს, ეკონომიკას, სოციალურ-პოლიტიკურ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

მის პუბლიცისტიკაში ასახულია ევროპული იდეები, ხედვები, რომელთა გაცნობაც ჟურნალ-გაზეთების საშუალებით მთელი ქართული საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი. უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპელობის, საქართველოს ევროპული მომავლის ნარატივი, ყველაზე მკაფიოდ პირველად ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა ნააზრევში გამოჩნდა.

აღსანიშნავია, ილიას შეხედულებები თვითმმართველობის, სასამართლო სისტემის, ეკონომიკის, სოციალური წესრიგის, ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების, სასკოლო და უმაღლესი განათლების, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ.

რუსეთში მიმდინარე რევოლუციის ფონზე, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოში, სწორედ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს ქართველ თავადაზნაურთა წარმომადგენლად. მწერალი ამ ტრიბუნას, ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად იყენებდა. ილია ჭავჭავაძის მხატვრული შემოქმედება, სამშობლოსთვის თავდადებასა და მის უპირობო სიყვარულს ქადაგებს. ასევე, სოციალური თემატიკით შექმნილი ნაწარმოებებიც აქვს, რომლებითაც სოციალური უთანასწორობისა და ფეოდალური ღირებულებების წინააღმდეგ ილაშქრებს.

1907 წელს, რუსეთის პირველ დუმაში სამსახურის შემდეგ, ილიამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.

1907 წლის 30 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძე საგურამოსკენ მიმავალ გზაზე, წიწამურში, ვერაგულად მოკლეს. ეს პოლიტიკური დაკვეთა იყო, ამაში დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რადგან ილია მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. სადაოა მხოლოდ ის, თუ ვინ იყო ამ მკვლელობის ორგანიზატორი.

ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე წმინდანად არის შერაცხული სახელით – წმიდა ილია მართალი.

ავტორი:ელენე ვადაჭკორია