სწავლა და წიგნები უფასოდ – განათლების სოციალიზაციის იდეა საქართველოში
ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ ქართული საზოგადოების უმთავრესი მიზანი, ხალხის ქართულ ცნობიერებაში დაბრუნება იყო. სწორედ ამიტომ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების, იდეა გაჩნდა.

ქვეყანაში, სახელმწიფოებრიობის ნიშნები თანდათან ქრებოდა, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის, ძველი სულისკვეთების დაბრუნებისა და შენარჩუნების ერთადერთი გზა კი, განათლების გავრცელება უნდა ყოფილიყო.
საზოგადოების შექმნასთან დაკავშირებული აზრი, იოსებ მამაცაშვილის ოჯახში მომწიფდა, სადაც იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, კონსტანტინე მამაცაშვილი და სხვა მოწინავე ქართველები იკრიბებოდნენ. მალევე, საზოგადოების შექმნის იდეამ, ვიწრო წრიდან, ფართო მასებში გადაინაცვლა. ორგანიზაციის დაარსებისთვის წესდების ნიმუში იყო საჭირო, რომლის შოვნაც ვახტანგ თულაშვილს დაავალეს. მან რუსეთიდან წესდება, გარკვეული მიზეზების გამო, დაგვიანებით მიიღო, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ, გადასამუშავებლად დიმიტრი ყიფიანთან მიიტანეს.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები:
ორგანიზაციის დაარსების თარიღად, მისი წესდების გამოქვეყნების დღე ითვლება, შესაბამისად, საზოგადოება 1879 წლის 31 მარტის წესდებით, ქართველი მოღვაწეების მიერ დაარსდა. წესდების პროექტი, 1878 წლის 30 იანვარს, გრიგოლ ორბელიანის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე წაიკითხეს. კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში წესდების წარდგენა კი, დიმიტრი ყიფიანს, ილია ჭავჭავაძესა და ბესარიონ ღოღობერიძეს დაევალათ.
საზოგადოების პირველი დამფუძნებელი სხდომა 1879 წლის 15 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის სათავადაზნაურო ბანკში გაიმართა, სადაც საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ დიმიტრი ყიფიანი აირჩიეს. მის მოადგილედ კი, ილია ჭავჭავაძე; წევრებად – ნიკო ცხვედაძე, რაფიელ ერისთავი, ივანე მაჩაბელი, იაკობ გოგებაშვილი და ალექსანდრე სარაჯიშვილი.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელი 1882-1885 წლებში, ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი გახლდათ. 1885-1907 წლებში კი, საზოგადოებას ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა. მისი ხელმძღვანელობით საზოგადოების ახლადარჩეული წევრები კი, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი იოსელიანი, ნიკო ცხვედაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ვასილ ყიფიანი, ალექსი მირიანაშვილი და სხვები იყვნენ. საზოგადოების მდივნები – იონა მეუნარგია, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი და დავით კარიჭაშვილი.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეები:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, 1879-1927 წლებში მოღვაწეობდა და ძირითადად, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. ხსნიდა სკოლებს, ბიბლიოთეკებს, გამოსცემდა წიგნებს. ასევე, წიგნებსა და სხვა, სკოლისთვის საჭირო ნივთებს, გაჭირვებულ მოსწავლეებს, უფასოდ ურიგებდა. სწორედ ამგვარი ქმედებებით, საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა.
ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, საქველმოქმედო ღონისძიებები იმართებოდა. ბევრი მწერალი, მათ თავისივე საავტორო ნამუშევრებსაც სწირავდა. ბევრიც თანხით ეხმარებოდა და ასე იარსება 1927 წლამდე. შემდეგ კი, საზოგადოების სკოლები, ბიბლიოთეკები, ხელნაწერები და მთელი ქონება, განათლების სახალხო კომისარიატს გადაეცა.
წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქვეყანაში განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება-განვითარებას. ასევე, პედაგოგიური აზრის ჩამოყალიბებაში, დიდი ღვაწლი მიუძღვით. აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის 80- იან წლებში, თბილისსა და ქუთაისში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიები დააარსეს, სადაც ქართულ ენაზე ასწავლიდნენ.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეთაგან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პედაგოგიური აზრის გამოჩენილ წარმომადგენელთა – იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის, იოსებ ოცხელის, ივანე გომელაურის, ლუარსაბ ბოცვაძის და სხვათა დიდი ღვაწლი.
ქართველმა მოღვაწეებმა, ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ საზოგადოებას ქართველი ხალხისა და ქვეყნის ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნებისთვის, ბევრი სიკეთე მოეტანა. ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა, ქართული სალიტერატურო ენის დახვეწის მიზნით, ქართული დამწერლობის ისტორიაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა გაატარეს, ქართული ანბანიდან, 5 მოძველებული, არქაული ასო-ნიშანი ამოაგდეს, რომლებიც თანამედროვე ქართულ ენაში აღარც კი გამოიყენებოდა.
წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1927 წლამდე იარსება. იგი ეროვნულ საქმეს – ქართული ენის შენარჩუნებას, განათლების გავრცელებასა და კულტურის განვითარებას – ემსახურებოდა. მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკა, ამჟამად, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, ძველი საინვენტარო ნომრების მიხედვით, 1999 წელს აღდგა და ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში შევიდა, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე.
საარქივო მასალის მიხედვით, ნათელი ხდება, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანმანათლებლო საქმიანობა აფხაზეთიდან საინგილოს ჩათვლით მიმდინარეობდა. მასალაში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცემულ წიგნებთან ერთად, მისი წევრების მიერ შეგროვილი უნიკალური წიგნებია თავმოყრილი. მათივე ბიბლიოთეკის წყალობით, საქართველოს ისტორიას დღემდე, ათასობით ქართული ხელნაწერი თუ ნაბეჭდი წიგნი შემორჩა, რომელიც ჩვენთვის, ქართველებისთვის, უდიდესი კულტურული მემკვიდრეობაა და ის სათუთ მოვლას, მოფრთხილებას საჭიროებს.
ავტორი: სალომე ხომასურიძე

