სააკაშვილის ნევროლოგიურ პრობლემებს ამერიკელის შემდეგ ბრიტანელი ექსპერტი იკვლევს
პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო კვლევებს ბრიტანელი ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა, კლინიკა „ვივამედში“ ჩაუტარებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ექსპერტიზაში, რომელსაც „ემპათია“ ატარებს, კორნელიუს კატონა დარგის წამყვან უცხოელ ექსპერტებთან ერთად არის ჩართული.
სხვა საკითხებთან ერთად ექსპერტმა უნდა უპასუხოს ძირითად კითხვას – განიცდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ და სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან იმყოფება, ფსიქიკურ (ფსიქოლოგიურ) და მორალურ ტანჯვას მის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო?
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამერიკელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა, მის უფლებადამცველებს გუშინ გადასცეს.
ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილს აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები.
მისივე თქმით, ამერიკელი ექსპერტების დასკვნა სრულიად განსხვავდება ქართველი ექიმების მიერ დადებული დასკვნისგან. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ექსპერტები დასკვნაში, სავარაუდოდ, დემენციაზე საუბრობენ.
“უცხოელმა სპეციალისტებმა თავიანთი დასკვნები გამოაგზავნეს. დადგინდა თავის ტვინთან დაკავშირებული საკმაოდ რთული დიაგნოზები. ახალგაზრდა ადამიანია, დაპატიმრებამდე მას ეს დაავადებები არ სჭირდა. რა არის ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი? ამასთან დაკავშირებით, მოვიძიეთ ახალი ექსპერტი, სპეციალისტი აშშ-ში, რომელსაც გადაეცა ეს მასალები, რათა დადგინდეს, რატომ მივიდა სააკაშვილის მდგომარეობა ასეთ უკიდურეს სიტუაციამდე”, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
როგორც მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძემ განმარტავს, დასკვნის შინაარსზე ჯერ ვერ ისაუბრებს, მომზადებულ დასკვნას საზოგადოებას მას შემდეგ წარუდგენენ, როცა ბრიტანელი ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა, სააკაშვილს დამატებით კვლევებს ჩაუტარებს.
ავტორი: ელენე ვადაჭკორია

