ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენების საგამოცდო ტესტებში ცვლილებები შევიდა

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეებია. ცვლილებები ძირითადად შეეხება ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენების ტესტებს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განმარტავენ, სიახლეების მიზანია ტესტის უფრო მეტად დახვეწა.
ცვლილებები:
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში არსებული №22, 23, 24 დავალებების ნაცვლად, საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც ეს დავალებები ამოწმებდა. ამ შემთხვევაში საუბარია ტესტის განსხვავებული ფორმატისა და არა არსობრივ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაზე, რაც უფრო მოქნილს, საინტერესოს და კომპლექსურს გახდის დავალებას. ერთ ისტორიულ მოვლენაზე ფოკუსირებულ აბიტურიენტს შეეძლება უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად იმსჯელოს მოცემულ თემატიკაზე და უკეთ გამოავლინოს ზემოთ ჩამოთვლილი უნარები.

ახალი ფორმატის დავალებაში მოცემულია დავალების პირობა, რომელსაც აბიტურიენტები გულდასმით უნდა გაეცნონ, შემდეგ კი ქვეკითხვების მიხედვით უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოდგენილ თემაზე. დავალება 6 ქულიანია.

ტესტის მაქსიმალური ქულა არ შეიცვლება (60). საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კვლავ 2 საათი და 40 წუთი იქნება. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
რაც შეეხება მათემატიკის ტესტს, NAEC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს მათემატიკის ტესტი 41 დავალებისაგან შედგება.

ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი, კერძოდ, მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხებიანი დავალება. ასევე იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51). ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათია. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს დააგროვებს.

უცხოური ენის ტესტების ფორმატში შემდეგი ცვლილებები შევიდა: „ტესტში შემოტანილია კომუნიკაციური სახის დავალება – დიალოგის შევსება. ეს დავალება ჩაანაცვლებს წერის პირველ დავალებას – წერილს.

ტესტიდან ამოღებულია მოსმენის პირველი დავალება. მოსმენის მეორე დავალების სავარაუდო პასუხების რაოდენობა გახდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება დახურული დავალებებით. აბიტურიენტმა სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული 4 პასუხიდან უნდა აირჩიოს და პასუხების ფურცელზე მონიშნოს მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნია.

წერითი დავალების მოცულობა განისაზღვრა 120 – 170 სიტყვით. ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის 7. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი და 30 წუთი.

“უცხოური ენის ტესტის განახლებული ფორმატის, თემის შეფასების კრიტერიუმების და ახალი დავალებების ნიმუშების ნახვა შესაძლებელია კრებულში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ლელა დევდარიანი


გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

საქართველოში შობადობა 7,9%-ით შემცირდა, განქორწინებები 32.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

ხვიჩა კვარაცხელიამ 14 წლის გულშემატკივარს სურვილი აუსრულა და გულში ჩაიკრა

30 მარტის ამინდის პროგნოზი

მის ლექციებზე დასწრების მსურველებს აუდიტორია ვერ იტევდა – აკაკი ბაქრაძე დღეს, 95 წლის გახდებოდა

პოდკასტი