საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს ტურნირში 2 მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2022 წლის ბაქოს “გრანდ სლემზე” 11 სპორტსმენით ასპარეზობდა, მათ შორის 2 ქალი იყო. ნაკრებს ორი ბრინჯაოს მედალი აქვს, დანარჩენი ძიუდოისტები მედლის გარეშე დარჩნენ.

ბაქოს “გრანდ სლემზე” ბრინჯაოს მედლები ძიუდოისტებმა, ლუკა მაისურაძემ და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე 90 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა. მან აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლისას ესპანელ სალვადორ როკას მოუგო. ის 73 კგ. კატეგორიაში ასპარეზობდა. ორივე მათგანმა 500-500 სარეინტიგო ქულა დაიმსახურა.

გარდა ამისა, ბაქოს “გრანდ სლემის” ტურნირიდან ორი ქართველი ძიუდოისტი მოხსნეს. ესენია: გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამ წონით კატეგორია) და ქართველი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გიორგი შერაზადიშვილი (81 კილოგრამ წონით კატეგორია). მიზეზად, მათი მხრიდან, წესის დარღვევა დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ბაქოს “გრანდ სლემის” დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა. ამის მიხედვით, ლიდერობს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ. კატეგორია), 81 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილზეა ტატო გრიგალაშვილი, რომელსაც ბელგიელმა მატიას კასემ გადაასწრო ბაქოში მოგებული ვერცხლის მედლითა და 700 სარეიტინგო ქულის მიღებით.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის “გრანდ სლემი” ბაქოში 4-6 ნოემბერს ჩატარდა. სულ 61 ქვეყნის 366 სპორტსმენი დარეგისტრირდა.

ავტორი: მეგი მიქაბერიძე