თორნიკე შენგელია რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კალათბურთს დაუბრუნდა
თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონში უკვე ჩაატარა პირველი მატჩი, რომელიც ,,ევროლიგაში“ მეორასე აღმოჩნდა. სერიოზული ტრავმისა და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ქართველმა კალათბურთელმა ნოემბრამდე ვერ მოახერხა მოედანზე დაბრუნება.

თორნიკე შენგელიას ჯერ კიდევ 27 ოქტომბერს, ,,ევროლიგის” მატჩში, “რეალის” წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. შეხვედრის წინ ქართველმა ფორვარდმა და მთავარმა მწვრთნელმა დაილაპარაკეს, სიფრთხილის გამოჩენა აირჩიეს და დასვენება გადაწყვიტეს.
თორნიკე შენგელია 2022 წლის მარტიდან მოყოლებული ,,ვირტუს ბოლონიაში” თამაშობს. ქართველი კალათბურთელი მონაწილეობდა ,,ვილერბანთან” ჩატარებულ შეხვედრაში. ,,ვირტუსი“ ანგარიშით 79:84 დამარცხდა. დასახელებულ დაპირისპირებაში ქართველმა კალათბურთელმა თითქმის 17 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
მეორე მატჩი იყო ,,რეჯინას“ წინააღმდეგ. ,,ვირტუსმა“ ანგარიშით 79:65 გაიმარჯვა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 12 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
ამის პარალელურად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშები იწყება. თორნიკე შენგელია ნაკრებში გამოძახებულ წევრთა სიაშია. საქართველოს ნაკრებს 11 ნოემბერს ისლანდიასთან, ხოლო 14-ში იტალიასთან აქვს მატჩები. ეს უკანასკნელი თბილისში გაიმართება. 9 ნოემბერს ,,ვირტუსი“ ,,მილანოს“ დაუპირისპირდება. 10 ნოემბერს კი თორნიკე შენგელია ნაკრების შემადგენლობას შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 აგვისტოს, ,,ნიდერლანდებთან“ დაპირისპირებისას, თორნიკე შენგელიამ მხრის მძიმე ტრავმა მიიღო. ეს იყო მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი. ქართველ კალათბურთელს ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდა, მაგრამ ,,ევრობასკეთის“ შეხვედრების გამოტოვება მოუწია.
ავტორი: მეგი მიქაბერიძე

