“ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ სიკვდილი მომანდომა” – გელა ჩარკვიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

9 ნოემბერი ქართველი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლისა და პედაგოგის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა. თბილისის საპატიო მოქალაქე, ერთი წლის წინ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გელა ჩარკვიანი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო, რომლის კარიერაც საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო. 1976 – 1994 წლებში საკუთარი საავტორო გადაცემა მიჰყავდა. აგრეთვე, იყო საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების და დიპლომატიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველიც იყო. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენლის ამპლუაშიც მოგვევლინა, ხოლო 2006 წლიდან ოფიციალური ელჩის წოდებაც მიიღო.

მიუხედავად მისი მრავალმხრივი ნიჭისა და გამოცდილებისა, გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში მუსიკა ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები – 2006 წელს.

გელა ჩარკვიანს დიდი წვლილი მიუძღვის კლასიკური ნაწარმოებების თარგმნაშიც. მან შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა, რომლის მიხედვითაც რუსთაველის თეატრში 1980 – 1990-იან წლებში სპექტაკლები დაიდგა. მას გამოცემული აქვს წიგნები: ინტერვიუ მამასთან , ნაგერალა და ნაცნობ ქიმერათა ფერხული, რომელიც არის ავტობიოგრაფიული რომანი.

გელა ჩარკვიანის ცხოვრებას დაღი დაასვა შვილის – ირაკლი ჩარკვიანის და შემდეგ უკვე, უსაყვარლესი მეუღლის, ნანა თოიძის გარდაცვალებამ. როგორც თავად მწერალი ამბობდა: “ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა”.

ჩარკვიანის მიუღლისადმი მოგონებები სარკეა იმ გრძნობისა, რასაც ის განიცდიდა. 54-წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც კი, არ განელებულა მათი სიყვარული. გელა ჩარკვიანი უდიდესი სიყვარულით იხსენებდა მეუღლეს:

“მოსკოვში გოგოს რომ გავიცნობდი, პირველ თუ არა, მეორე შეხვედრაზე მაინც უნდა მეკოცნა. ნანას მხოლოდ 5 თვის შემდეგ ვაკოცე და ეს ერთ-ერთ მაშინდელ ლექსში მაქვს კიდეც –

შორეულ ზაფხულზე სტიროდნენ ხეები,
მე კი ყველასდა გასაკვირველად მცხელოდა
ოქტომბრის სუსხიან დღეებში.
გახსოვს, ოქტომბრის ქარიან დღეებში გაკოცე პირველად.

“ნანა სფინქსი იყო და, ალბათ, სულის რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა. ეს აზრი არ მასვენებს და ისღა დამრჩენია, ვიოცნებო, რომ ოდესმე, უკვე იქ, უფრო მაღალი რიგის რეალობაში, კიდევ შევეხები მას, თუკი ჩვენ, მოკვდავებს იმ რეალობაზე ხელი მართლაც მიგვიწვდება. მაგრამ თუ ჩვენი საყვარელი სიყრმის შვილის, ირაკლის არ იყოს, ვართ უბრალოდ „მიგდებულები დარვინის ანაბარა“, მაშინ ჩემს მბჟუტავ სასოებას უმოწყალოდ წაშლის და შეენაცვლება ადამიანური ლექსიკონის ყველაზე დაუნდობელი და შემზარავი სიტყვა – „არასდროს“- გელა ჩარკვიანი”

“ყველა ტიტული მოვიცილე. დამრჩა ერთი – გელა ჩარკვიანი”.

 

ავტორი – ქეთა მელიქიშვილი