სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა
დღეს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფონდი „აი ია“ ელექტრონული წიგნის – „სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა“, პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაზე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები და საკითხით დაინტერესებული პირები, სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა გარშემო არსებულ სისტემურ გამოწვევებსა და რესურსებზე ისაუბრებენ.

წიგნში აღწერილია სმენადაზიანებული ბავშვების რეაბილიტაციის სამედიცინო, ტექნიკური და ფსიქოსაგანმანათლებლო მეთოდები, მოცემულია ინფორმაცია სასმენი აპარატების, კოხლეარული და ტვინის ღეროს იმპლანტების, ბავშვების სმენის პროთეზირების თავისებურებათა შესახებ, განხილულია მეტყველების განვითარების სმენითი მეთოდი.
„პედაგოგიურ და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, სმენითი რეაბილიტაციის მეთოდის ავტორის, ინა კოროლიოვას წიგნის ქართული თარგმანი ფონდის „აი ია“ აუდიოვერბალურ თერაპევტ თეა გოჩიტაშვილს ეკუთვნის. წიგნზე ასევე კონსულტანტებმა სოფიო ნადირაძემ, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრმა, მაკ ჯორჯიას პროგრამის „მშობლის სკივრი“ ხელმძღვანელმა და ნინო ლომიძემ იმუშავეს, რომელიც კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი და მაკ ჯორჯიას ფსიქოლოგების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
სახელმძღვანელო მაკ ჯორჯიას მიერ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერის“ ფარგლებში შეიქმნა. წიგნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სამაგისტრო კურსში ინტეგრირდა და ილიაუნის ბიბლიოთეკას გადაეცა.
ავტორი: ლელა დევდარიანი

