პროფესიული განათლების ცენტრში სასწავლო წელი დაიწყო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

2022 წლის მიღებაზე 2105 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, საიდანაც ახალ სასწავლო წელს, თსუ-ს პროფესიული განათლების 8 პროფესიულ პროგრამაზე, თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი ისწავლის.
სწავლების ფარგლებში სტუდენტები: ბუღალტრული აღრიცხვის, სკოლამდელი აღზრდის, საბაჟო საქმის, ღონისძიების ორგანიზების, საოფისე საქმის, საფინანსო სერვისების, საბიბლიოთეკო საქმისა და სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკის სწავლას შეძლებენ. პროგრამები, რომლებსაც ცენტრი ახორციელებს, ითვალისწინებს, რომ მიღებული კვალიფიკაციით კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ. ცენტრი ასევე ინკლუზიური მიმართულებითაც მუშაობს, რაც სასწავლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) მქონე პირების აქტიურად ჩართვას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ანუ იმ დროიდან ხორციელდება, როდესაც საქართველოში უმაღლესი პროფესიული პროგრამების დანერგვა დაიწყო და ყველა მათგანი სახელმწიფოს მხრიდან 100%-ით ფინანსდება.
ავტორი: თაკო ბოკუჩავა

