“სალომე ზურაბიშვილი საქართველოს სიურპრიზის სახით ახალ ამნისტიას უმზადებს”

პოლიტიკოს ლევან მამალაძის აზრით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ახალ სიურპრიზს უმზადებს და არ გამორიცხავს, რომ ევროპიდან დაბრუნების შემდეგ ზურაბიშვილმა პოლიტიკური შეწყალებების ახალი კასკადი გამოაცხოს – ნიკა გვარამია შეიწყალოს, შემდეგ კი, სააკაშვილის საკითხით დაკავდეს.

ლევან მამალაძის მოსაზრებით, პრეზიდენტი “ქართულ ოცნებაზე” განაწყენებულია, რადგან “ვერ დააფასა მისი უნიკალურობა”, შესაბამისად, მორალურ უხერხულობას არ შეუქმნის განაცხადოს, რომ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტს მამალაძე სოციალური ქსელით ეხმიანება. მისი აზრით, ზურაბიშვილი ევროპელი ლიდერებისგან ახალ ინსტრუქციებს იღებს. ყველაფერი ევროკავშირის 12-პუნქტიანი დავალების შესრულებას უკავშირდება, კონკრეტულად კი, ამ პროცესიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

მისი აზრით, ზურაბიშვილს არ გაუჭირდება გადათქვას “არა და არასდროს” (ეს სიტყვები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით წარმოთქვა).

“პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალებას, პირადი მოსაზრებებით და პოლიტიკური დავალებებით აკეთებდა. ეს პროცესი არასდროს ყოფილა დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენასთან. ქალბატონი სალომე განაწყენებულია მმართველ გუნდზე, რომელმაც ვერ დააფასა მისი „უნიკალურობა“ და არ ექნება მორალური უხერხულობა განაცხადოს, რომ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ღებულობს. მოსალოდნელი გართულების შეფასებისთვის, ჯერ ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორს შეიწყალებს, შემდეგ კი „ყოვლის მშენებელი“ სააკაშვილით დაკავდება’’, – წერს ლევან მამალაძემ.

მისივე აზრით, “ნაც-ევროპარლამენტარების” პროვოკაციას, ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენელთა სამხედრო ჩარევით და სანქციებით მუქარას, საქართველოს მეხუთე კოლონის ქმედებას, ახლა შესაძლოა პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიურპრიზი დაემატოს!

“სააკაშვილის “ნობათებს” დაჩვეული ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ევროკავშირში მომუშავე თანამდებობის პირები ამ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და მოთხოვნების შესრულების შუალედურ რეზოლუციას ამზადებენ. სადაც შეეცდებიან, 9 მილიონის მიმთვისებელი “პიჯაკოსანი”, ტერიტორიების რუსებზე მჩუქებელი, სტრატეგიული ობიექტების ოკუპანტებზე მიმცემი, მოძალადე “დემოსის შუქურა” – სააკაშვილი, პოლიტ-ჩაგრულად გამოაცხადონ”, – წერს ლევან მამალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისი მოსაზრებით, საქართველოს სუვერენიტეტზე შემოტევა გრძელდება. იგი ხელისუფლებას სტრატეგიის შეცვლას ურჩევს „დასავლელ ჩინოვნიკებთან და ლიდერებთან”, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებების ფორმირებაში არიან ჩართულნი. გაააქტიუროს მუშაობა რათა, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა საქართველოს მიმართ სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა ჩამოაყალიბონ.

“რუსეთს თუ რაიმე საფრთხე შეექმნა, დაბომბვის საშიშროება გვექმნება, ხოლო დასავლეთი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მორჩილებას გვაიძულებს! ხელისუფლებას სტრატეგია აქვს შესაცვლელი”, – წერს ლევან მამალაძე.

ავტორი: ლელა დევდარიანი