დისკომფორტი, რომელიც ნორმაა – რას გულისხმობს თბილისის სატრანსპორტო დაგეგმარების პრინციპი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ რჩება თბილისის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. საცობები დედაქალაქის ქუჩების ბუნებრივ მოვლენად იქცა. მგზავრთა გაზრდილ ნაკადს სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები ვერ უმკლავდება. ვერც დადგენილი განრიგით მათი გადაადგილება ხერხდება.

ასევე, დიდ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მოქალაქეებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, რამდენიმე ტრანსპორტში გადაჯდომა უხდებათ. ეს პრობლემა, ხშირ შემთხვევაში, მწვავედ მაშინ იგრძნობა, როდესაც მგზავრს მდინარე მტკვრის ერთი სანაპიროდან მეორეზე მოხვედრა სურს. ასეთ დროს, ერთადერთი გამოსავალი მეტროთი მგზავრობაა.
როგორც მედია სააგენტო “24”-ს არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა განუცხადა, მართალია, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად 3 ტრანსპორტის გამოცვლა რიგითი მომხმარებლისთვის დიდი დისკომფორტია, მაგრამ სატრანსპორტო დაგეგმარების თვალსაზრისით სწორია.
მისივე თქმით, ამას ადასტურებს ფრანგული კომპანია “სისტრას” კვლევაც, რომლის თეორიის თანახმად, მოქალაქეს ნებისმიერი A წერტილიდან B წერტილამდე გადასაადგილებლად, სამ ტრანსპორტზე მეტი არ უნდა დასჭირდეს.
თუ აქამდე, თბილისში საცხოვრებელი სახლიდან სამსახურამდე მისასვლელად შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, ახლა მოქალაქეს ორი ან სამი სატრანსპორტო საშუალების შეცვლა უწევს.
“2016 წელს, ფრანგულმა კომპანია “სისტრამ” კვლევა ჩაატარა. რამდენიმე ათასი ადამიანი გამოკითხა, ვინ სად გადაადგილდებოდა. შემდეგ კი, გადაადგილების სქემა შეადგინა. რამდენიმე ათასი მიმართულება გამოიკვეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულზე ცალკე ტრანსპორტი უნდა დაინიშნოს. ჯამში დაახლოებით 2060 ერთეული საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალება გვაქვს. A და B კომბინაციებით თუ ვიმსჯელებთ, რამდენიმე ათასი გვექნება”, – განუცხადა “24”-ს გიორგი ბაბუნაშვილმა.
მისივე განმარტებით, დედაქალაქის მერიამ იმ რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებები რომ იყიდოს, რამდენიც მარშრუტია, მგზავრთა ნაკადი ძალიან მცირე იქნება, თითოეულ მარშრუტზე 1-2 ადამიანი. ტრანსპორტმა თითქმის ცარიელმა უნდა იაროს და ბევრი საწვავიც დასჭირდება.
“დღის გარკვეულ მონაკვეთი გამოჩნდება, სადაც ყველა ერთ გზას გადის. აი, ამ მონაკვეთს რომ ყველა მიაწყდება, ვერავინ გაივლის. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ – ხე, რომელსაც ტოტები აქვს და ტოტებს ბოლოში – განშტოებები. მთავარ გზაზე, მხოლოდ რამდენიმე მარშრუტი უნდა გაატარო და მოსახლეობა ძირითად ზოლამდე ამ ტოტებით ჩამოიყვანო. აქ უკვე რაოდენობა მცირდება და ძირითადი ამოცანა ყველა A წერტილიდან ძირითად დერეფნამდე და ყველა ძირითადი დერეფნიდან B წერტილამდე მიყვანა იქნება. ასეთ შემთხვევაში, მცირდება მარშრუტების რაოდენობა და გადატვირთულობა”, – აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი.
ავტორი: სალომე ხომასურიძე

