„სიცარიელე, როგორც მოტივი“ – კოკა რამიშვილის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში
10 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მხატვარ კოკა რამიშვილის ნამუშევრების გამოფენა „სიცარიელე, როგორც მოტივი“ გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების უმრავლესობა, რომლებმაც სახელი გაითქვეს, ისეთი ქვეყნების გამოფენებში, როგორიცაა: ინგლისი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, უნგრეთი, საქართველოში არასდროს ყოფილა წარმოდგენილი და ქართველ დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, ისინი თბილისში იხილოს.
გამოფენა „სიცარიელე, როგორც მოტივი“ წარმოადგენს სიცარიელიდან, დეკონსტრუქციიდან, სინათლისაგან და ფერისაგან გამოსახულების პოეტური ფორმირების პროცესს. გამოფენა მულტიდისციპლინურია და გამოყენებულია, როგორც ფოტო, ვიდეო და ინსტალაცია, ასევე, ფერწერული ნამუშევრები.
საგამოფენო სივრცის გათვალისწინებით და სიცარიელის თემის გამოსახატად, ხელოვანის შემოქმედებაში ნამუშევრები სპეციალურად მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდიდან შეირჩა. ზოგიერთი ნამუშევარი, როგორც „უკანასკნელი გალერეა“ ან „ორფეუსის წერილი ევრიკიდეს“ 1987-1991 წლების ინტერპრეტაციას წარმოადგენს. როგორც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხათუნა ხაბულიანი განმარტავს, კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა.
„მისი შემოქმედება პოსტსაბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე რეფლექსურობით გამოირჩეოდა, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. მისი ყველა პროექტი თანმიმდევრულად ვითარდება. კონცეპტუალურად გამართულია და პერფექციონისტული სწრაფვითაა შესრულებული. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაგირებულ მსჯელობას შორის“, – აღნიშნავს ხათუნა ხაბულიანი.
ცნობისთვის, კოკა რამიშვილი თბილისში დაიბადა და ჟენევაში ცხოვრობს, მუშაობს. მის მიერ გამართულ რჩეულ გამოფენათა სიაში შედის: სოლო შოუები – „დამოუკიდებელი ორგანიზმი II“; „აეროლენდი“; „გამოსხივება“; „დახვრეტილი ეკრანი“; გალერეა „არტრა“ და სხვ. კოკა რამიშვილმა საქართველო ვენეციის ბიენალეზე წარადგინა. მის მიერ მოპოვებული ჯილდოებია: ირენ რეიმონდის ფონდის პრიზი (ლოზანა, შვეიცარია, 2014) და ქალაქ ჟენევის მუნიციპალიტეტის გრანტი შემოქმედებითი პროცესების მხარდასაჭერად (ჟენევა, შვეიცარია 2013).
გამოფენა 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ავტორი: ლელა დევდარიანი

