რაჭაში რთველი დაიწყო

რთველი, რომელსაც ადრე სთველს ეძახდნენ, ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ქართული ტრადიციაა. მას ოდითგანვე, ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა, რადგან მასზე ოჯახის ბარაქიანობა და კეთილდღეობა იყო დამოკიდებული.

ყოველწლიურად, მოსავლის აღებამდე, სამზადისი ბევრად ადრე იწყება, რაც ქვევრის რეცხვასა და მარნების მოწესრიგებას მოიცავს. რთველისათვის მზიან ამინდს არჩევენ და მის დაწყებამდე, ყოველ 5 დღეში, ყურძნის შაქრიანობასა და მჟავიანობას საზღვრავენ.

საქართველოში, დღესასწაული ხშირად მუსიკისა და სხვადასხვა სამხიარულო ღონისძიებების თანხლებით მიმდინარეობს. კრეფის დრო ჯიშზე და ამინდზეა დამოკიდებული. როგორც წესი, აღმოსავლეთით, რთველი სექტემბრის პირველი რიცხვებიდან იწყება, დასავლეთ საქართველოში კი, ოქტომბრის შუა რიცხვებში.

9 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭის რეგიონში, 275 ტონა ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდირებას მიიღებს ყველა კომპანია, რომელიც შეიძენს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის, არანაკლებ 3 ტონა ყურძენს და მევენახეს სულ მცირე 7ლარს გადაუხდის.

მოსავლის დაბინავების პროცესში, დაახლოებით, 30 კომპანია იქნება ჩართული.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ყურძნის ჩასაბარებელი 25-მდე პუნქტია გახსნილი. მკაცრად კონტროლდება ყურძნის ხარისხი და ჯიშობრივი სიზუსტე. რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა.

რაჭაში, მოსავალის სავარაუდო ჯამური რაოდენობა 1500-1700 ტონას შეადგენს.

თაკო ბოკუჩავა


პოდკასტი