პუტინი უკან იხევს (?) – “რუსეთი აშშ-ის შუალედური არჩევნების დასრულებას დაელოდა”
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინის ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ნებართვა გასცა.

“დაიწყეთ ჯარების გაყვანით და მიიღეთ ყველა ზომა, რათა პერსონალის, იარაღის და აღჭურვილობის უსაფრთხო გადაყვანა ვუზრუნველყოთ”, – განაცხადა შოიგუმ.
სერგეი შოიგუს ჯარების გაყვანა, “შექმნილი სიტუაციის შეფასების” საფუძველზე, რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა, სერგეი სუროვიკინმა შესთავაზა.
მისი თქმით, ხერსონიდან ჯარის გაყვანის მიზეზი სამხედროების მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემებია.
“ჩვენ გადავარჩენთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლესა და საბრძოლო შესაძლებლობებს”, – განაცხადა სუროვიკინმა.
შედეგად, რუსეთის ჯარები მარჯვენა სანაპიროდან დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაინაცვლებენ და ხერსონს გაათავისუფლებენ. საინტერესოა ისიც, რომ სწორედ გუშინ, ხერსონში, რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორის მოადგილე, კირილ სტრემუსოვი, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა, რუსული სახელისუფლებო მედიის ვერსიით, ის მოკლეს.
გარდაცვალებამდე სტრემუსოვი აცხადებდა, რომ რუსის ჯარები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლებდნენ.
რა გამოხმაურება მოჰყვა ფაქტს უკრაინაში?
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქში 4 სამხედრო ადმინისტრაციის – კახოვსკაიას, დოლმატოვსკაიას, გოლოპრისტანსკაისა და კრესტოვსკაიას – შექმნაზე განკარგულებას ხელი მოაწერა. მიუხედავად შოიგუს განცხადებისა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონას უბრძოლველად ტოვებს.
პრეზიდენტი ზელენსკი, უკრაინულ მედიაში ატეხილი სასიხარულო აჟიოტაჟიის მიუხედავად, მოსახლეობას, ომის დროს, ემოციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
“არავინ არსაიდან უბრალოდ არ მიდის, თუ არ გრძნობს ძალას. ჩვენ ბრძოლით ვიბრუნებთ და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველ ნაბიჯს ყოველთვის მტრის წინააღმდეგობა და ჩვენი გმირების სიცოცხლის დაკარგვა მოჰყვება”, – ამბობს ზელენსკი.
ხერსონიდან ჯარების გაყვანა კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეს და ურთიერთბრალდებებს უკავშირდება. სერგეი სუროვიკინის თქმით, თუ კიევი კახოვსკის ჰესზე სარაკეტო იერიშს მიიტანს, მოსახლეობა საფრთხეში აღმოჩნდება.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ნებისმიერი მცდელობა ააფეთქოს კახოვსკას ჰიდრელექტროსადგური, მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.
“დაფიქრდით, რა დაგემართებათ მაშინ”, – მიმართავს ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას.
ხერსონიდან რუსი სამხედროების გაყვანას, გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც.
“რუსეთის არმია ჯერ კიევიდან უკუაქციეს, შემდეგ ხარკოვიდან, ახლა სამხრეთიდან. შთამაგონებელია, როცა ახალი და ახალი ტერიტორიების გათავისუფლებას ვხედავთ. დასავლეთის დახმარება კვლავ გაგრძელდება”, – ამბობს იგი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW)-ის შეფასებით, ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა. თუმცა, მათი მოსაზრებით, უკრაინამ მთავარ მიზანს მიაღწია და რუსის ჯარები აიძულა საკუთარი ნებით დნეპრის მარჯვენა ნაპირი დაეტოვებინათ.
საინტერესოა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეფასება. მისი აზრით, რუსეთი აშშ-ის შუალედური არჩევნების დასრულებას დაელოდა, რათა სამხედროები ხერსონიდან გაეყვანა.
შეგახსნებთ, რომ 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. რეფერენდუმის გზით, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების -დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორეჟიეს – ანექსია მოახდინა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ხერსონია. რუსეთმა ხერსონი, რომელიც ანექსირებულ ყირიმთან ახლოს მდებარეობს, ომის დასაწყისში, მარტშივე დაიკავა. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებაში ისმის კითხვა: ხერსონის დატოვება ხომ არ არის ხაფანგი უკრაინელი სამხედრო ძალებისთვის, რაც კიდევ უფრო მძიმე ბრძოლებში ჩათრევას გულისხმობს?
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ხერსონის ოლქის გათავისუფლება გზას ანექსირებული ყირიმისკენ უხსნის, საინტერესოა უკრაინის სტრატეგია, დაიწყებს თუ არა ის, აქტიურ შეტევას ყირიმის მიმართულებით?
ავტორი: ინგა ფუტკარაძე

