ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა გააჩუმა – რამ გააღიზიანა ფეხბურთელი

“უყვარს ხალხის დახმარება. ორი წლის წინ, წალენჯიხაში, სოციალურად დაუცველ 100 ოჯახს დაეხმარა.”

ხვიჩა კვარაცხელია დედასთან და ზურა დავითაშვილთან ერთად

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიის ქალაქ ნეაპოლის საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” ამომავალმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო და ფაქტობრივად, ყველა გავლენიანი მედიასაშუალების ყურადღება მიიპყრო. კვარაცხელიას ფოტო სოციალურ ქსელში კედლიდან კედელზე გადადის, ხალხი თბილ კომენტარებს უძღვნის. სწორედ სოციალურ ქსელში მოჰყვა დიდი გამოხმაურება ხვიჩას მასწავლებლის კომენტარს – “ხვიჩა, მარტო სირბილი ვერ გიშველის, გაკვეთილები ისწავლე!”

მედია სააგენტო “24” ცნობილი ფეხბურთელის მასწავლებელს, N169-ე საჯარო სკოლის პედაგოგს, მანანა მერაბიშვილს დაუკავშირდა.

– ხვიჩას ფოტოზე განთავსებულ თქვენს კომენტარს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოულოდნელი იყო თქვენთვის საზოგადოების ნაწილმა თქვენი სიტყვები უარყოფითად, რომ აღიქვა?

– ხვიჩა 21 წლისაა, სკოლა 3 წლის წინ დაამთავრა. რაღა დროს იმის თქმა იყო, ისწავლე გაკვეთილები. რა თქმა უნდა, ვიხუმრე. უბრალოდ “ღიმილის” ემოციის გამომხატველი ნიშნის დაწერა დამავიწყდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა სწორად ვერ გაიგო. ცუდი კომენტარები წამოვიდა. სიმართლე გითხრათ, არ მწყენია, არც გავბრაზებულვარ, მეცინება. ბოლოს, ხვიჩამ ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ ყველა გააჩუმა.

– როგორც ვიცით, ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობთ, ხვიჩას კლასის დამრიგებელი იყავით. მოგვიყევით, როგორი ბავშვი იყო, რა თვისებებით გამოირჩეოდა?

– მე და ხვიჩას ოჯახი ერთ უბანში ვცხოვრობთ. სკოლაში მეხუთე კლასიდან ვასწავლიდი. უსაზღვროდ ნიჭიერი იყო. სხარტი აზროვნება აქვს, მოედანზეც იგრძნობა ეს. ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს. წესიერი, თბილი, კეთილი ხალხია. ხვიჩაც ასეთია, მშობლებისგან მოსდევს ეს სიკეთე. ფეხბურთის სიყვარულიც მამისგან აქვს ჩანერგილი. ცხრა კლასის შემდეგ რუსეთში გადავიდა, მაგრამ ჩამოდიოდა და ექსტერნის გამოცდებს აბარებდა. ბანკეტზეც იყო ჩამოსული. როცა ჩამოდის უნდა მოინახულოს ყველა: კლასელები, უბნელები, ახლობლები. ხომ ასეთი წარმატებულია, მაგრამ ძალიან თავმდაბალი და უბრალოა. უყვარს ხალხის დახმარება. ორი წლის წინ, წალენჯიხაში, სოციალურად დაუცველ 100 ოჯახს დაეხმარა. ახლა ბინა უყიდა მშობლებს, ძმას მანქანა.

– ცნობილია, რომ ხვიჩას უმცროს ძმასაც თქვენ ასწავლით და მთელ ოჯახს კარგად იცნობთ. გვიამბეთ მათ შესახებ?

– ხვიჩას ორი ძმა ჰყავს. უფროსი, ნიკა 24 წლისაა, დაოჯახებულია. პატარა, თორნიკე 12 წლისაა. თორნიკესაც მე ვასწავლი და ისიც ფეხბურთით არის გატაცებული. მამაც ფეხბურთელია, ძალიან კარგი ადამიანია. მაკა შესანიშნავი დედაა. ხვიჩას, ყოველდღე წაიყვანდა სტადიონზე, დაელოდებოდა და წამოიყვანდა უკან. მე მაგალითად, არ შემიძლია, ჩემი შვილი ყოველდღე ბაზაზე წავიყვანო, დაველოდო და წამოვიყვანო. მაკამ ეს გააკეთა და ფაქტია, შედეგიც აქვს. უმცროს ძმას, თორნიკესაც ასე ექცევა. ერთხელ დედასთან ერთად იყო ბურთით ხელში. დააგდო დაბლა და ისეთი ფინტი (ცრუ მოძრაობა რედ.) გაუკეთა, რომ თორნიკემ შეიძლება ხვიჩას აჯობოს კიდეც.

– ალბათ, ბევრი გოგონას ინტერესს დავაკმაყოფილებ, თუ გკითხავთ, შეყვარებული ჰყავდა ხვიჩას სკოლაში?

– ხვიჩას საცოლე ჰყავს. ერთხელ შევხვდი, კარგი გარეგნობის, სასიამოვნო გოგონაა. მოკლედ, ისეთი ოჯახია, რომ გინდოდეს რამე ცუდი უპოვო, ვერ უპოვი.

 

ავტორი: ლელა დევდარიანი