ვანო სარაჯიშვილის გარდაცვალებიდან 98 წელი გავიდა

ყველასთვის საყვარელი ქართველი მუსიკოსი, ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, “საქართველოს ბულბული” – ვანო სარაჯიშვილი, 1879 წლის 1 მაისს სიღნაღში დაიბადა. იშვიათი სილამაზის ხმამ და დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ სარაჯიშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად აქცია. მის სახელს ატარებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

საქართველოს სახალხო არტისტი 1887 წლიდან “თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში” სწავლობდა და მოსწავლეთა გუნდში მღეროდა. 1889-1990 წლებში ქართული ხალხური გუნდის სოლისტი გახლდათ. 1903 წლიდან სწავლა მოსკოვში განაგრძო, სადაც 1907 წელს ჯუზეპე ვერდის ოპერა “ტრავიატაში” მისი პირველი დებიუტი შედგა.

სარაჯიშვილი 1906-1908 წლებში იტალიაში ბელკანტოს ხელოვნებას ეუფლებოდა და კონცერტებს იტალიის საოპერო თეატრებში მართავდა. პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა იტალიურ დასში განაგრძო მუშაობა, რის შემდეგაც 1908 წლიდან საცხოვრებლად, მშობლიურ ქვეყანაში ჩამოვიდა.
1910-1920 წლები ვანო სარაჯიშვილის შემოქმედების აყვავების ხანად ითვლება. იმ დროისთვის, მომღერალი აქტიურად გამოდიოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე. 1913 წელს მან ფრაგმენტები შეასრულა ზაქარია ფალიაშვილის ახალშექმნილი ოპერიდან “აბესალომ და ეთერი”. მომღერალი ასევე ასრულებდა მალხაზის პარტიას ფალიაშვილის “დაისიდან”.

ცნობილია, რომ მალხაზის არია “თავო ჩემო”, ფალიაშვილმა “დაისში” სწორედ ვანო სარაჯიშვილის თხოვნით შეიტანა. მომღერალი შესანიშნავად ასრულებდა, როგორც ლირიკულ, ისე დრამატულ პარტიებს: შოთას პარტია “თქმულება შოთა რუსთაველზე”, კოტე “ქეთო და კოტე”, ფაუსტი “ფაუსტი”, ჰერცოგი “რიგოლეტო”, ალფრედი “ტრავიატა”, ლენსკი “ევგენი ონეგინი” და სხვ.

სარაჯიშვილი 1923 წელს გადაღებულია რეჟისორ ამო-ბეკ ნაზაროვის ფილმში “მამის მკვლელი”.

აღსანიშნავია, რომ 1999 წელს ნოდარ ანდღულაძემ, ანზორ ერქომაიშვილის მიერ ლონდონში აღმოჩენილი გრამფირფიტები აღადგინა, რომელზეც მომღერლის ხმა არის აღბეჭდილი. გამოვიდა აღნიშნული ჩანაწერების კომპაქტდისკიც.

ვანო სარაჯიშვილი 1924 წლის 11 ნოემბერს, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი ოპერის თეატრის ბაღში არის დაკრძალული. მისი დაბადების ადგილას, ქალაქ სიღნაღში, ყოველი წლის მაისში “ვანოობა” აღინიშნება.

სახელმწიფო კონსერვატორიაში არსებობს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია, რომელსაც განსაკუთრებული მიღწევების მქონე აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის სტუდენტები იღებენ. სტიპენდია 2002 წლიდან ყოფილი რექტორის – მანანა დოიჯაშვილის – ინიციატივით დაარსდა.

 

 

 

ავტორი: თაკო ბოკუჩავა