როგორ ანგარიშობენ „მიუნჰაუზენი ნაციონალები“ და „მიუნჰაუზენი ოცნება“ ეკონომიკის ზრდას
2021 წლის 7 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიასთან განაცხადა – ჩვენ დროს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდაო. საინტერესოა, შეესაბამება თუ არა ეს მონაცემი სიმართლეს, თუ ნაციონალები საკუთარ ხალხს ატყუებენ? მართლაც ასე, მასშტაბურად, გაიზარდა მაშინ ეკონომიკა?

სინამდვილეში, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ 1,7-ჯერ და არა 4-ჯერ. საეჭვოა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ასეთი ელემენტარული ცოდნა არ ჰქონდეთ. ალბათ, საქმე უფრო გვაქვს ადამიანების გამიზნულ მოტყუებასთან და თაღლითობასთან, ან სულაც – არაპროფესიონალიზმთან. მაგრამ, პირველ და მეორე შემთხვევაშიც, ხელისუფლებაში ნამყოფი და მომავალში ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზიის მქონე პოლიტიკური ძალისა და მისი წარმომადგენლებისგან მსგავსი სიცრუის ტირაჟირება, უბრალოდ, სირცხვილი და თავის მოჭრაა.
რეალურად კი, რა ხდება? “ნაციონალები” ეკონომიკის ზრდას შემდეგნაირად ზომავენ: პირობითად, შევარდნაძის მმართველობის ბოლო – 2003 წელს, 500-გრამიანი პური თუ 40 თეთრი ღირდა და სააკაშვილის მმართველობის ბოლო 2012 წლისთვის იგივე წონის პურის ფასი გაიზარდა 75 თეთრამდე, აი, ამ მომატებულ ფასებს ეძახიან ეკონომიკის ზრდას.
თითქოს დაუჯერებელია, ასეთი ელემენტარული რამ, როგორ უნდა ეშლებოდეთო, მაგრამ, დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, ზუსტად ასეა. სწორედ ასე ზომავენ “ნაციონალები” ეკონომიკის ზრდას – ფასები რომ გაიზარდა 9 წლის განმავლობაში და ინფლაცია დაფიქსირდა, ამ მომატებულ ფასებს მიიჩნევენ ეკონომიკურ ზრდად.
ჯერ ერთი, ძალიან დიდი პრობლემაა, ზოგადად, ფასების კატასტროფული ზრდა, ინფლაციის მაღალი დონე და ამ ინფლაციაზე, კაცი რომ ამბობს – ეს ეკონომიკური ზრდა არისო, რბილად რომ ვთქვათ, სრულ არაპროფესიონალიზმთან ან გამიზნულ სიცრუესთან გვაქვს საქმე.
სრული კატასტროფაა – ადამიანი, რომელიც ინფლაციას ეკონომიკის ზრდად მიიჩნევს, საქართველოს პრეზიდენტი იყო, მისი პარტიის წევრებიც იგივეს რომ იმეორებენ და აი, ეს პარტია რომ მართავდა ქვეყანას. ე. ი. ნაციონალების ლოგიკით, რაც უფრო მეტად მოიმატებს ფასები, რაც უფრო მაღალი ინფლაცია დაფიქსირდება და რაც უფრო მეტი ლარი ეღირება ესა თუ ის საქონელი თუ მომსახურება, თურმე ეს ყოფილა ეკონომიკის ზრდა და ეკონომიკის განვითარება. აი, ამას რომ მოისმენ ადამიანებისგან, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ და ქვეყანას მართავდნენ, შესაძლოა, პირდაპირი მნიშვნელობით, გაოგნდე და დამუნჯდე კაცი.
კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები, მეგობრებო.
ასეთივე თაღლითური, ან მინიმუმ, არაპროფესიონალური მიდგომები აქვს “ქართულ ოცნებასაც”. 2020 წლის 25 სექტემბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, ირაკლი იმნაიშვილის გადაცემა “ღამის კურიერში”, “ქართული ოცნების” აწ უკვე თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 3 წლის განმავლობაში (2016-2019 წ.წ.) ეკონომიკა 40%-ით გაიზარდაო. ვფიქრობ, ბარონ მიუნჰაუზენსაც კი შეშურდებოდა მსგავსი ტყუილები. სინამდვილეში, 2016-2019 წლებში ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ და მხოლოდ 16%-ით და უფრო ზუსტად კი, არც იმ 16%-ით გაზრდილა.
კობახიძემაც ისეთივე თაღლითობა ან უცოდინრობა გამოავლინა, როგორც სააკაშვილმა. ეკონომიკურ ზრდად სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე გაზრდილი ფასები წარმოგვიდგინა და ეს “გვახარა”. ე. ი. კობახიძის ლოგიკით, ლარი რომ გაუფასურდა და თითქმის ყველაფერზე ფასებმა მოიმატა, თურმე ეს ყოფილა ეკონომიკის ზრდა. მართლაც, რა სასაცილოა, ძალიან სატირალი რომ არ იყოს… და ეს კაცი დაგვიტოვა ივანიშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ. თუმცა, ლოგიკურად არც არის გასაკვირი, თავად ბიძინა ივანიშვილიც ერთი მატყუარა და არაპროფესიონალი კაცია და, ეტყობა, გვერდითაც ასეთები მოსწონს.
რასაც “ნაციონალები” და “ოცნება“ ადამიანებს თავს ახვევენ, რომ აი, ასეთი და ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდები გვქონდაო, ეს ჩვეულებრივი ყალთაბანდობა, ან მინიმუმ უცოდინრობაა. თან მათ შეფასებაში ერთი სიტყვაც კი არაა გადაჭარბებული, რადგან პოლიტიკური ძალა ან მისი ლიდერი ინფლაციაზე რომ იტყვის, ეს ეკონომიკური ზრდააო და ინფლაციით ისედაც გაწამებულ ხალხს, ასე თავხედურად სულში ჩააფურთხებს, ჩვეულებრივი უზნეო, თაღლითი, ან მინიმუმ უმეცარი ადამიანია. არადა, რა სამწუხაროა. ამიტომ, საჭიროა, მუდმივად ვამხილოთ “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, სააკაშვილი, ივანიშვილი, კობახიძე თუ ნებისმიერი სხვა, რომ არასდროს არავინ გაიფიქროს, ისედაც დაბეჩავებული რიგითი მოქალაქეების მოტყუება.
მეგობრებო, ყველამ მაქსიმალურად უნდა გავავრცელოთ მსგავსი ინფორმაციები და ერთხელ და სამუდამოდ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
გიორგი ჩახაია
მედია სააგენტო “24”-ის დამფუძნებელი

