აჭარელ ეკომიგრანტებს ჯავახეთში ავიწროვებენ – მიწების უკანონო დატაცება გრძელდება
ნინოწმინდაში მიწების უკანონო დატაცებამ აქტიური სახე მიიღო. პროცესში ჩართულნი არიან, როგორც საჯარო მოხელეები, ასევე შეძლებული ფერმერები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეკომიგრანტებმა ჯავახეთი დავტოვონ.
ნინოწმინდის სოფელ ორლოვკაში მცხოვრები, ორგანიზაცია „მშვიდობის ქარტიის“ თავმჯდომარე, ბადრი ჭელიძე ნინოწმინდაში მცხოვრებ ეკომიგრანტთა მიზანმიმართულ შევიწროვებაზე საუბრობს და ქვეყნის მთავრობას მიმართავს, დაინტერესდეს სამცხე-ჯავახეთის პრობლემებით.
როგორც ბადრი ჭელიძე აცხადებს, 2010 წლიდან დღემდე 65 კომლი ეკომიგრანტი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჯავახეთი. ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, მიზანმიმართული შევიწროება საქართველოში ქართველებს აიძულებს, რომ სხვაგან ეძებონ თავშესაფარი.
მისივე თქმით, მეორე წელია ყოველივე ამან აქტიური სახე მიიღო, რაშიც ჩართული არიან, როგორც საჯარო მოხელეები, ასევე შეძლებული ფერმერები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ეკომიგრანტებმა ჯავახეთი დავტოვოთ.
მედია სააგენტო “24” შეეცადა ვითარებაში გარკვევას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაპირისპირება საძოვრების უკანონოდ მითვისებას უკავშირდება. სოფლის მოსახლეობას ასეულობით ჰექტარი მიწა თვითნებურად აქვთ მისაკუთრებული და ეკომიგრანტებს მიწის დამუშავების საშუალებას უზღუდავენ. სოფელში არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც მიწებს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თვითნებურად ანაწილებს. საქმეში პარლამენტარის, “ქართული ოცნების” დეპუტატ სამველ მანუკიანის ინტერესებიც იკვეთება.
ნინოწმინდის სოფელ ორლოვკაში მცხოვრები ბადრი ჭელიძე ამ პრობლემას თავად შეეჯახა მაშინ, როდესაც აჭარაში, ეკომიგრაციული პროცესების შედეგად, მოსახლეობის ნინოწმინდაში გადასახლება მოუწია. როდესაც გადასახლებულმა ბენეფიციარებმა ეკომიგრანტთა სააგენტოს მიმართეს, აღმოჩნდა, რომ მათი ინტეგრაციისა და მიწის რეფორმისთვის, სახელმწიფოს არანაირი კონკრეტული პაკეტი არ ჰქონდა.
როგორც ბადრი ჭელიძემ მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიწები საერთოდ არ კონტროლდება.
ეკომიგრანტებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე მიქელაძეს მიმართეს მოთხოვნით, რომ მედიაციის ფორმატით, ფერმერებთან შეთანხმებით, თავისუფალი მიწების დამუშავების საშუალება ჰქონოდათ. შეხვედრას 16 კომლი სომეხი და 6 კომლი ქართველი მოსახლეობა ესწრებოდა. დაპირების მიუხედავად, სწორედ მანუკიანისა და კონკრეტული ჯგუფების მოლაპარაკების საფუძველზე ნინოწმინდაში 166 ჰა მიწა აუქციონზე გაიყიდა.
„ეს ძალიან ფაქიზი თემაა. მე არ მინდა, რომ ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი მიეცეს. ჩემი ძირითადი მიზანია სწორი ანალიზის გაკეთება, მოსახლეობასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის მედიაცია, რომ საქართველოს ამ ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემა მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მოგვარდეს”, – აცხადებს ბადრი ჭელიძე.
მისივე თქმით, კონკრეტული ჯგუფები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებს პირადი სარგებლის მისაღებად იყენებენ. ამასთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ მიმართა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთ ეკომიგრანტს კონკრეტულად მიწის საკუთრების დოკუმენტაცია არ აქვს, სამინისტრომ რეაგირება ვერ მოახდინა.
“25 კომლიდან, სოფელში 6 კომლი ვართ დარჩენილი. რატომ უნდა გვიწევდეს ლუკმა-პურის საშოვნელად მიწის ძებნა იმისათვის, რომ ელემენტარული საარსებო მინიმუმი მივიღოთ. ჯობს თურქეთში ჩახვიდე, იმუშაო… იქ, ღირსებას მაინც არ შეგილახავენ”, – აცხადებს ბადრი ჭელიძე.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მთელი ამ დროის განმავლობაში, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან, რამაც ქართულ მოსახლეობაში უსამართლობისა და უიმედობის განცდა გააჩინა. ნინოწმინდაში მცხოვრებლების უმრავლესობამ პირუტყვი გაყიდა და ახლა, მკაცრ კლიმატურ პირობებში, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეობი დანიშნულების მიწების რეგისტრაციის მთელ პროცესს, 2022 წლიდან 2024 წლამდე, საჯარო რეესტრი მართავს. ამ პერიოდში მიწის ნაკვეთის ეტაპობრივი რეგისტრაცია განხორციელდება. პროცესი დაიწყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც. იმედია ამ პროცესში ქართველი ეკომიგრანტების უფლებებს სახელმწიფო სათანადოდ დაიცავს.
ცნობისათვის, აჭარაში 1988-1989 წლებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთის სოფლებში გადაასახლეს. მაშინ ამ ადამიანებისთვის სახელმწიფომ სახლების მშენებლობა დაიწყო, თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს პროცესი გაჩერდა და მას შემდეგ, აღარც გაგრძელებულა. ეკომიგრანტები დღემდე დაუკანონებელ სახლებში ცხოვრობენ, მათ არც მიწის ნაკვეთები გააჩნიათ იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა განავითარონ, იარსებონ და ოჯახი გამოკვებონ.
ავტორი: თაკო ბოკუჩავა