ევროპელი პოლიტიკოსების მორიგი გაფრთხილება საქართველოს
საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, GSAC-ის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს ბიძინა ივანიშვილი არ დასანქცირდება.

როგორც რუხაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშში, ევროპარლამენტის 47-მა წევრმა თქვა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ჭარბი გავლენის შემცირებას.
მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშით ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილს გამოსავალი ცივილიზებული ფორმით შესთავაზა და ახლა ივანიშვილზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ამ გამოსავალს.
,,ევროკავშირის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშს კომპრომისული ვარიანტი იმიტომ ჰქვია, რომ უმრავლესობამ გაიზიარა უმცირესობის აზრი. ის გუნდი, რომელიც საქართველოზე მუშაობს, სავარაუდოდ, შეთანხმდა იმაზე, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა, საკუთარი თავიც გადაირჩინოს სანქციებისგან და საქართველოსაც არ შეუშალოს ხელი კანდიდატის სტატუსის მიღებაში, თან აუხსნეს, როგორ უნდა განხორციელდეს – მისი გავლენების შემცირება სტრუქტურული რეფორმების გზით. საინტერესოა, რომ შემცირებაზეა საუბარი და არა აღმოფხვრაზე, ამით ივანიშვილს ეუბნებიან – „შეგიძლია დარჩე, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტებს შეეშვი“. პარტიაზე გავლენა, რომ ექნება ეს გასაგები და მისაღებია“,- განაცხადა რუხაძემ.
მისი თქმით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს იქნება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, მაგრამ ურთიერთობა არ გაწყდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საქართველოს მნიშვნელობა არ გაქრება რეგიონში, ოღონდ ევროპულ პერსპექტივაზე და ევროკავშირის წევრობაზე საუბარი აღარ იქნება.
„როცა ამბობ, პროევროპული ხელისუფლება ვართ, მაგრამ მეორე დღეს ამბობ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, რადგან იქ ბიძინა ივანიშვილი წერია, გამოდის, რომ საქართველოზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ივანიშვილი. ევროპელმა პოლიტიკოსებმა დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ნება, შეასრულოს 12 პუნქტი და ახალი გაფრთხილება გამოუგზავნეს. თუ ვერ გაიგეს ეს ყველაფერი, შემდეგ დაიწყება სანქცირება. კანდიდატის სტატუსი და ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ერთმანეთთან კავშირშია. თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ივანიშვილი გადაურჩება სანქცირებას“, – განაცხადა რუხაძემ.
ავტორი: ლელა დევდარიანი

