თურქეთში აფეთქების ფაქტზე ქურთისტანის მუშათა პარტიის პასუხისმგებლობა იკვეთება

13 ნოემბერს, 16:20 წუთზე, სტამბოლის ცენტრში, ისთიქლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 81.

ფაქტზე, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 პირი დააკავა, მათ შორის ის, ვინც ბომბის ქალაქის ცენტრში დატოვებაშია მხილებული. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქტაის განცხადებით, ბრძანება ტერაქტის შესახებ ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან, კერძოდ, ,,ქურთისტანის მუშათა პარტიიდან“ (PKK) გაიცა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ აცხადებს, რომ სამაგიეროს გადაუხდიან ყველას, ვინც ამ საზარელ ტერაქტზეა პასუხისმგებელი.

 

,,ჩვენი გამოძიებით, ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქურთისტანის მუშათა პარტიას, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციაა. ტერორიზმის სახე მწარეა, მაგრამ ამ ბრძოლას ბოლოდმე გავაგრძელებთ“, – განაცხადა თურქეთის შს მინისტრმა.

,,ქურთისტანის მუშათა პარტია“, რომელიც წლებია იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, თურქეთის მთავრობას ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული. პარტიას ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს აშშ, საფრანგეთი, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაგის თქმით, გავრცელებულ ვიდეო კადრებში ფიგურირებს ქალი, რომელიც დაახლოებით 40 წუთი სკამზე ზის, აფეთქებამდე 2 წუთით ადრე კი ტერიტორიაზე ჩანთას ტოვებს და მიდის. მისი განცხადებით, ეჭვმიტანილი სწორედ ეს ქალია.

 

,,განიხილება ორი შესაძლებლობა. ან ქალის ჩანთას მექანიზმი ქონდა, რომელიც თავისით აფეთქდა ან ვიღაც შორიდან აკონტროლებს პროცესს. ამჟამად ყველაფერი გამოძიების პროცესშია“, -განაცხადა თურქეთის იუსტიის მინისტრმა.

 

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თავდასხმა შესაძლოა ტერორისტული აქტი იყოს.

,,არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ეს უდაოდ ტერორისტული თავდასხმაა, მაგრამ გამოძიების პირველადი მონაცემებით და გუბერნატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტი შესაძლოა ტერაქტი იყოს“, – განაცხადა ერდოღანმა.

,,50-55 მეტრის მოშორებით ვიდექი, უცებ აფეთქების ხმა გაისმა, ხალხი პანიკაში იყო, დარბოდა… მაღაზიაში მამაკაცი იყო, რომელსაც ყურებიდან და ფეხებიდან სისხლი სდიოდა“-აცხადებს თვითმხილველი, 57 წლის ქემალ დენიზჩი.

ცნობისათვის, ინცინდენტის შემდეგ, თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესმა საბჭომ, მომხდარის მედიაში გაშუქებაზე შეზღუდვები დააწესა. მსგავსი ინცინდენტი ისთიქლალის ქუჩაზე 2016 წელსაც მოხდა, რის შემდეგაც დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 39.

მომხდარ შემზარავ ფაქტს მსოფლიოს არაერთი ლიდერი გამოეხმაურა. გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სამძიმარი, პირადად, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს გამოუცხადა.

,,ჩემი ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა. ამ შოკის მომენტში ჩვენ, გერმანელები, სტამბოლისა და თურქეთის მოქალაქეების გვერდით ვართ“, – განაცხადა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მანკრონმა 7 წლის წინანდელი 13 ნოემბერი გაიხსენა. 2015 წლის 13 ნოემბერს, ბატაკლანი თეატრზე ,,ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, რომელსაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

,,ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, ჩვენ თქვენთან ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში“, -განაცხადა მაკრონმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ამ მძიმე წუთებში თურქი მოკავშირეების გვერდით დგას.

თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

სამძიმარი გამოაქვეყნა ომში მყოფმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

,,თურქი ხალხის ტკივილი ჩვენი ტკივილია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თურქ ხალხს მიუსამძიმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმაც.

 

,,განადგურებული ვარ სტამბოლში მომხდარით, თქვენს გვერდით ვართ და ვიზიარებთ მწუხარებას“, – დაწერა ,,ტვიტერზე“ ილია დარჩიაშვილმა.

 

ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, მომხდარის შედეგად, დაშავდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები.

ავტორი: ინგა ფუტკარაძე