ჟანრული ლიტერატურის ფესტივალი „ინსომნია“ 2022 იწყება
ჟანრული ლიტერატურული ფესტივალის „ინსომნია“ 2022-ის ჟიურიმ გამარჯვებული შვიდეული გამოავლინა.

შვიდი საუკეთესო ავტორი ერთმანეთის მიყოლებით, მწერალთა სახლის ისტორიულ შენობაში, მთელი ღამით გამოიკეტებიან. მათი მისია საშიში ან ფანტასტიკური მოთხრობის შექმნა იქნება.
პროექტის ფარგლებში დაწერილ მოთხრობებს წიგნად გამოსცემს სულაკაურის გამომცემლობა. ფესტივალის მიზანია თანამედროვე ჟანრული ლიტერატურის განვითარების წახალისება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის გააქტიურებას; ქართული ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნასა და პოპულარიზებას.
პროექტის იდეა მწერალ ზაზა კოშკაძეს ეკუთვნის. მწერლის ავტორობითა და ორგანიზებით სხვადასხვა საგამომცემლო სახლთან თანამშრომლობის შედეგად ფესტივალი 2013 წლიდან იმართება. მწერალთა სახლი ჟანრული ლიტერატურის ფესტივალს უკვე მეორედ უმასპინძლებს.
ავტორი: ელენე ვადაჭკორია

