რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიზნესის წარმომადგენლებმა კვალიფიციური კადრების საჭიროებაზე იმსჯელეს
პროფესიული უნარების სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის მხარდაჭერით, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი სადისკუსიო საკითხი – პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის იყო.

შეხვედრის ფარგლებში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, ღონისძიებაზე დამსწრე მონაწილე ორგანიზაციებისგან არსებული სერვისებისა და შესაძლებლობების, ასევე ბიზნესის მონაწილეობით მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლები, რომლებმაც ბიზნეს სექტორს მიმდინარე და სამომავლო ნაბიჯების შესახებ ასევე, კვალიფიციური კადრების შერჩევასა და უნარების განვითარებაზე ინფორმაცია გაუზიარეს.
ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების მიმართულებით რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში არსებული ვითარების განხილვა და კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის საჭიროებების მოსმენა იყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.
ავტორი: თაკო ბოკუჩავა

