საბჭოთა ხელისუფლების იდეა, რომელიც თბილისის სიმბოლიკაში აისახა

ყველა ქალაქს საკუთარი სიმბოლიკა აქვს, გამონაკლისი არც საქართველოს დედაქალაქია. თბილისს თავისი დროშა, გერბი და გასაღები აქვს, რომელთა შესახებ შეიძლება ბევრს არც სმენია.

როგორც ცნობილია, ამ სიმბოლიკის შექმნის იდეა, ჯერ კიდევ 70-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლებას გასჩენია. ქალაქის სიმბოლოების შექმნა კი, მხატვარ ემირ ბურჯანაძეს ხვდა წილად, რომელიც 1937 წლის 3 მაისს, თბილისში დაიბადა. იგი იყო გრაფიკოსი და მხატვარ-მონუმენტალისტი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი. მან თბილისის სიმბოლიკაზე მუშაობა 1970 წლიდან დაიწყო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალაქის სიმბოლოებს, პრაქტიკული დატვირთვა, მხოლოდ საპატიო თბილისელის დასახელების დროს ეძლევა. წოდება კი, 1979 წლის 26 ოქტომბრის, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილებით დაარსდა, რომელსაც თბილისის მერი სახელმწიფო ან საზოგადო ორგანიზაციის წარდგინებით, თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი სამსახურისა და პროფესიული ოსტატობისთვის, თბილისის მოქალაქეებს ანიჭებს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ წოდების მიღება, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოსა და თბილისის წინაშე, განსაკუთრებული დამსახურებისთვის.ცერემონია ყოველი წლის ოქტომბერში, ,,თბილისობის“ დღესასწაულზე იმართება. დაჯილდოებისას, თბილისის საპატიო მოქალაქეებს, ამავე წოდების დიპლომი და სხვა რეგალიები გადაეცემათ, მათ შორის, თბილისის გასაღები.

ახლა კი, ამ სამი სიმბოლოს არსის შესახებ გიამბობთ: ქალაქ თბილისის დროშა სწორკუთხა ფორმისაა. თეთრ ფერზე მკვეთრი, ურთიერთგადამკვეთი, ფართო, მუქი ცისფერი და შედარებით ვიწრო ოქროსფერი ზოლებით. გადაკვეთის ადგილი აქცენტირებულია თბილისის გერბის გრაფიკული გამოსახულებით მუქ წითელ ფონზე, რომლის ირგვლივ შვიდი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავია განლაგებული. ზოლთა ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება სიმბოლურია. თბილისის დროშა ოთხი ფერისგან შედგება, თეთრ ფონზე გამოსახულია სამი ფერი: მუქი ცისფერი, ოქროსფერი და მუქი წითელი. თბილისის დროშა, ძალიან საინტერესოა ცისფერი ჯვარით, ხოხბის სახეებითა და შვიდი ზეციური ვარსკვლავით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქართული შრიფტი, რომლის შინაარსიც დიდი დატვირთვის მატარებელია: ,,მრავალი სიახლე დამკვიდრდა, მაგრამ საფიქრალი არ ამოწურულა წარსულსა და მომავალზე“. სწორედ ამის გამომხატველია ემირ ბურჯანაძისეული გრაფიკა, რომელიც თითქოს არ ეტევა წიგნის ფარგლებში, მაგრამ ამავე დროს წიგნური და სინატიფის მატარებელია.

ქალაქ თბილისის გერბი, როგორც ქართული ფარი, მრგვალი ფორმის, დამწერლობით შექმნილი კომპოზიციაა. ასომთავრული “თან” ასონიშნის გრაფირებით აგებული, ხოხბისა და მიმინოს განზოგადებული მხატვრული ფორმა და ასოთა თანმიმდევრობა, ერთ მთლიან სიმბოლოდ აღიქმება და დედაქალაქის ლეგენდის არსს გამოხატავს. გერბის ზემო ნახევარსფეროს კიდეზე, შვიდი შვიდქიმიანი ვარსკვლავია განლაგებული. ძირითად გამოსახულებას კი, მუხის რტო ეხვევა, რომელიც მარადიულობისა და ძლიერების სიმბოლოა. მის ძირში ჯვრისებრი ტიხარი იქმნება, სადაც ასომთავრულად (მრგვლოვანი) და ნუსხა-ხუცურადაა ჩაწერილი “თბილისი”. გერბის ღერძულ დაბოლოებას კი, წყლის თემა წარმოადგენს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ თბილისის გერბი, დედაქალაქის ლეგენდაზე აღმოცენებული ჰერალდიკური ნიშანია.

საინტერესოა, რა დატვირთვა აქვს თბილისის სიმბოლურ გასაღებს. ის, როგორც გასაღების ზოგადად მიღებული ფორმა, სამი ნაწილისაგან – გვირგვინის, ღეროსა და გასაღების ენისგან – შედგება. გვირგვინი ორი მშვილდისებური, ტრაპეციული კვეთის შეპირაპირებულ ფორმას წარმოადგენს, რომლის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს ამოკვეთილია წარწერა “თბილისი”. ქვემო ნაწილში კი, ორივე მხარეს, მუხის რტოა ჩაძერწილი. მშვილდისებური ფორმების შეერთებისას, პლასტიკური ნაკეცები ორივე მხარეს, ისრის გამოსახულებას ქმნიან. გვირგვინის ცენტრალური კომპოზიცია ხოხობისა და მიმინოს რელიეფური გამოსახულებით, დედაქალაქის ლეგენდის თემას გამოხატავს. მთლიანად გვირგვინი, ღეროს ეყრდნობა, რომლის თავი ბროწეულის ფორმისაა, ეს კი, სიმრავლის სიმბოლოა. გასაღების ღერო “თბილისური აივნის” რიკულს მოგვაგონებს და სიმეტრიულად შეწყვილებული ფრთისებური ენით მთვარდება.

როგორც მხატვრის შემოქმედებიდან ჩანს, ემირ ბურჯანაძის გრაფიკული ნახატების დიდი ნაწილი, სწორედ თბილისს ეძღვნება. მის შემოქმედებაში, ქართული ტრადიციული სულისკვეთება იგრძნობა. მხატვრის ნამუშევრებში დიდი პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი და მშობლიური ქალაქის მიმართ, ასევე დიდი სიყვარულია გამოხატული.

ავტორი: სალომე ხომასურიძე


გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

საქართველოში შობადობა 7,9%-ით შემცირდა, განქორწინებები 32.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

ხვიჩა კვარაცხელიამ 14 წლის გულშემატკივარს სურვილი აუსრულა და გულში ჩაიკრა

30 მარტის ამინდის პროგნოზი

მის ლექციებზე დასწრების მსურველებს აუდიტორია ვერ იტევდა – აკაკი ბაქრაძე დღეს, 95 წლის გახდებოდა

პოდკასტი