დღეს მურმან ლებანიძეს ასი წელი შეუსრულდებოდა

მურმან ლებანიძის ლექსები იციან, ახსოვთ, უყვართ და მღერიან… საქართველოს თავისი ერთ-ერთი გამორჩეული პოეტის საზოგადო ღვაწლიც მუდამ ეხსომება.

მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ–ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში. 1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. ლებანიძის შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. მისი შემოქმედების წყარო სათავეს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან იღებს.

პოეტმა შეძლო ახლებურად აეჟღერებინა ქართული სიტყვა და ახლებურად განეჭვრიტა თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. მის ლექსს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და რითმის დინამიკურობა.

მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, დიდი სამამულო ომის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები. ერთხელ დიდ პოეტს ჰკითხეს – რა აზრის ხართ საკუთარ პოეზიაზე, ასი წლის შემდეგ თუ წაიკითხავენ თქვენს ლექსებსო?

“გეკითხებიან კი არა, ხაფანგს გიგებენ! რა ვუპასუხო ამ ხალხს?! დადებით პასუხს ამბიციის კაცად გამოჰყავხარ, უარყოფითს – სუსტ, უღონო, ქაღალდის მფუჭებელ გრაფომანად… კი, ბატონო, წაიკითხავენ-მეთქი! – სიცილით ვპასუხობ. ასი წლის შემდეგაც წაიკითხავენ და ორასის შემდეგაც; ვისაც ამისი იმედი არა აქვს, – ამას უკვე სერიოზულად, სიცილის გარეშე ვამბობ, – რა ძალა ადგას, კალამს რომ ხელსა ჰკიდებს! საკუთარი ცხოვრების მოწყობას რა უნდა, თავს რად იტკივებს, სარფიან საქმეს თავი დაადგას, იცხოვროს და კაი პური სჭამოს!”- იხსენებს ერთ-ერთი კრებულის ბოლოსიტყვაობაში მურმან ლებანიძე.

მურმან ლებანიძე რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მრავალი მნიშვნელოვანი გამოცემის სულის ჩამდგმელი, დიდ საქვეყნო საქმეთა აქტიური მონაწილე და სამშობლოს გულმხურვალე ქომაგი იყო და ასეთად დარჩება იგი ქართველი ერის მარადიულ მეხსიერებაში.

პოეტი 79 წლის ასაკში, 2002 წლის 17 აგვისტოს, გარდაიცვალა. მურმან ლებანიძე დიდუბის პანთეონში არის დაკრძალული. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და დიდი პოეტის ოჯახთან შეთანხმებით, მომავალი წლის დასაწყისში მურმან ლებანიძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

ავტორი: ელენე ვადაჭკორია


გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

საქართველოში შობადობა 7,9%-ით შემცირდა, განქორწინებები 32.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

ხვიჩა კვარაცხელიამ 14 წლის გულშემატკივარს სურვილი აუსრულა და გულში ჩაიკრა

30 მარტის ამინდის პროგნოზი

მის ლექციებზე დასწრების მსურველებს აუდიტორია ვერ იტევდა – აკაკი ბაქრაძე დღეს, 95 წლის გახდებოდა

პოდკასტი