ფესტივალი “ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება” ჩატარდება
წელს ცნობილი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 160 წელი გავიდა.

თარიღთან დაკავშირებით კარიკატურის ფესტივალი „ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება“ ტარდება. არასამთავრობო ორგანიზაცია Art&Society ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფესტივალი ,, ნიკო ფიროსმანი და მისი შემოქმედება“ ტარდება.
ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებს ნიკო ფიროსმანის ან მისი პერსონაჟების კარიკატურის დახატვა მოუწევთ, რისთვისაც 10-დღიანი ვადა მიეცემათ. ნამუშევრებთან ერთად კონკურსანტებს 30-წამიანი ვიდეოს გადაღება ევალებათ, სადაც ისაუბრებენ, თუ რა ინსპირაცია მისცა მათ ფიროსმანის ნამუშევრებმა და ზოგადად, რას ნიშნავს ფიროსმანის არსებობა სამყაროსთვის.
კონკურსის 3 გამარჯვებულს 10 დეკემბერს ადგილობრივი და უცხოელი მხატვარ-კარიკატურისტებით და ხელოვნებათმცოდნეებით შემდგარი ჟიური გამოავლენს, რომელთაც ფულადი პრიზები 1000, 700 და 500 ევროს სახით გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების მიღება 8-დან 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გაგზავნონ ციფრული ფორმატით მისამართზე: Caricaturecontest.georgia2022@gmail.com
ავტორი: თაკო ბოკუჩავა

