თბილისში კლდის ნაწილი ჩამოიშალა: “ერთია გეოლოგიური კვლევა, მეორე – ფერდის სტაბილურობა”
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩასასვლელ გზაზე, მრავალფუნქციურ კომპლექს King David-თან, კლდიდან ხე მოწყდა და სატრანსპორტო გზა ჩახერგა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თბილისის მერიაში ვერ საუბრობენ კლდის ჩამოშლის მიზეზებზე და აცხადებენ, რომ მიზეზს კვლევები დაადგენს. მათივე ცნობით, შენობის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალურ ქსელში არაერთი სტატუსი დაიწერა იმ საფრთხეებზე, რომელიც ძლიერმა ქარმა კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა, კვლავ გამოიწვიოს.
მომხდარს გამოეხმაურა სეისმოლოგი თეა გოდოლაძე. მისი აზრით, ერთია გეოლოგიური კვლევა ტარდება თუ არა, მეორე – ფერდის სტაბილურობა. შესაძლოა მშენებლობის დაწყების ეტაპზე ქანები მკვრივი იყოს, მაგრამ ძლიერი დატვირთვის პირობებში პროცესები სხვაგვარად განვითარდეს.
თეა გოდოლაძის შეფასებით, უამრავი დეტალი არსებობს, რასაც სამწუხაროდ, სამშენებლო კომპანიები არ ითვალისწინებენ.
“ხალხო! თქვენი მტერი კი არ ვარ! გიფრთხილდებით, მიყვარხართ, ჩემი ქვეყანა მიყვარს! არ შეიძლება თბილისში ასეთი მშენებლობა, არა! საზიზღარი, რთული გეოლოგია აქვს. ეს “ქინგ დევიდსის” ადგილი კიდევ, კლდე კი არა, ტბიური ნალექებია მანდ! შლადია, შლადი! არ შეიძლება ამდენი დატვირთვა, არა! ქარზე რას შვება და მიწისძვრაზე რას იზამს?”, – წერს თეა გოდოლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სეისმოლოგმა კლდის ჩამოშლის საკითხს მეორე სტატუსიც მიუძღვნა და ამჯერად გეოლოგ შოთა ადამიას სიტყვები მოიშველია.
მისივე თქმით, “ქინგ დევიდსის” ტერიტორია გეოლოგებისთვის პირველი კურსის მასალაა. დატვირთვებზე ცუდად რეაგირებს.
როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმე განაშენიანება დაიწყო, შოთა ადამიას ჰკითხეს, – გეოლოგიური დასკვნა არსებობს?! – მან მშვიდად მიუგო: – რაღაც გეოლოგიური დასკვნა, ალბათ, არსებობს, მაგრამ, როდესაც იქ გავლა მიწევს, მაინც ფრთხილად ვარო!
როგორც მედია სააგენტო “24”-ს თეა გოდოლაძემ განუცხადა, აღნიშნულ უბანზე დატვირთვები გაიზარდა, კონკრეტულად KING DAVID- ის გარდა, ბევრი მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც დაუშვებელია, რადგან ეს პრობლემას უქმნის მთლიან უბანს, განსაკუთრებით ფერდს.
გოდოლაძის თქმით, საზოგადოებაში KING DAVID- ის ფერდობის მიმართ მაღალი ინტერესი, შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდეც აქტიურად მუსირებდა. უამრავი კითხვა იყო დასმული ფერდობის მდგრადობაზე, მაშინ კომპანიის წარმომადგენლები მედიაში გამოთქმულ მოსაზრებებს აქტიურად ეხმაურებოდნენ:
„KING DAVID – ის მშენებლობის დაწყების წინ კლდეს ჩაუტარდა გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საძირკვლის ძირის საპროექტო ნიშნულს შეესაბამება მე-7 კატეგორიის კლდოვანი ქანი არგელიტების სახით. გეოლოგიური და გეოფიზიკური დასკვნების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. KING DAVID – ს კონსტრუქციული კავშირი აღნიშნულ ფერდობის ნაწილთან არ აქვს”.
როგორც მაშინ აცხადებდნენ, აღნიშნული კლდე მშენებლობის დაწყებამდე მერიამ შეისწავლა და კლდოვანი ფერდობის ჩამოწმენდა-გამაგრების სამუშაოებიც განახორციელა.
ახლა ჯერი დედაქალაქის მერიაზეა. საინტერესოა კვლევის შედეგები, რომელსაც მერია უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.
ელენე ვადაჭკორია

