“ევროკავშირი არ არჩევს, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელი ცუდი” – ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციები ზოგადია და ის კონკრეტულ პირებს არ უკავშირდება.

როგორც ოლივერ ვარჰეიმ დღეს, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირი არ არჩევს, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელი ცუდი, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კრიტერიუმები, რომლებიც გაწერილია 12 რეკომენდაციაში, მკაფიოდ იყოს განსაზღვრული, არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, იურიდიულ, საკანონმდებლო გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ, რაც საბოლოო ჯამში, მისთვის სასიკეთო იქნება.

“ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს, ამიტომ, როცა საუბარია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე, ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი ქვეყანას იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში”, – განაცხადა ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას.

მისივე თქმით, ევროკავშირს საქართველოსგან სჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პუნქტზე და ამ თანხმობაში მნიშვნელოვანია სწორედ პარლამენტში არსებულ პარტიებს შორის თანამშრომლობა. ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა სწორად შეაფასებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირი 12-პუნქტიანი რეკომენდაციის სახით აძლევს ქვეყანას.

“არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლას და კონიუნქტურას. იმედია, მექნება კარგი ამბები საქართველოდან ბრიუსელში წასაღებად. ამ თანხმობაში მნიშვნელოვანია სწორედ პარლამენტი. იმედია, ყველა პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ელიტის წევრი დაინახავს, რომ ეს არის საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ ფაქტს ვერ გამოიყენებთ”, – აცხადებს იგი.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ქვეყნის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი უნდა შედგეს.

“იმედია, დღეს იქნება მკაფიო დასტური ყველას მხრიდან. მთავრობას, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა, ყველაზე მეტი წილი გასაკეთებელია პარლამენტის მხრიდან”, – განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც და აღნიშნა, რომ მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რათა ევროპარლამენტის 12-ვე რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდეს.

“დანარჩენი არის ოპოზიციის გასაკეთებელი, ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.