ბავშვისთვის საუზმის გამოტოვება მეხსიერების დაქვეითების მიზეზი ხდება

რატომ არ უნდა გაუშვათ ბავშვი სკოლაში ან ბაღში საუზმის გარეშე?
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ მოზარდობა არის ასაკი, როდესაც ყალიბდება და ფორმირდება ადამიანის ორგანიზმი. ზრდის პროცესის სწორ მიმდინარეობას ხელის შეწყობა სჭირდება. საუზმე კი, სწორი ზრდა-განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ბავშვი, რომელიც სკოლაში საუზმის გარეშე მიდის, არის არაპროდუქტიული. საუზმის გამოტოვება, უარყოფითად მოქმედებს მის აკადემიურ მოსწრებაზე, ფსიქო-სოციალურ, კოგნიტიურ ფუნქციასა და გუნება-განწყობაზე.
არაერთი კვლევით დადგინდა, რომ საუზმის გამოტოვება აყალიბებს ნაკლებად სასარგებლო კვებით ჩვევებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს არაჯანსაღი საკვების მიღებას და სიმსუქნეს. არაჯანსაღი კვება კი, თავის მხრივ, ქრონიკული დაღლილობის, გონებაგაფანტულობის, მეხსიერების დაქვეითების მიზეზი ხდება.
მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მშიერი ბავშვის სკოლაში წასვლა – დაუშვებელია. ეს იწვევს კუჭ-ნაწლავის დაზიანებას. გარდა ამისა, მშიერი ბავშვი მიწოდებულ ინფორმაციას ვერ ითვისებს, გონებაგაფანტული და უყურადღებო ხდება. როდესაც, მცირეწლოვანი ვერ იღებს იმ ნივთიერებებს, რომლებიც მის ორგანიზმს სასიცოცხლოდ სჭირდება, შემდგომში, ეს მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. არასრულფასოვანმა კვებამ შეიძლება ქცევის დეფიციტი, აგრესია, ბავშვთა ფსიქოემოციური სფეროს გაღიზიანება, სტერეოტიპული მოძრაობები (ე.წ. ტიკები) გამოიწვიოს.
უნდა გვახსოვდეს, რომ საუზმე ენერგიის წყაროა და ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას განსაზღვრავს. ზოგადად, ბავშვების ნერვული სისტემა ლაბილურია და ნებისმიერი ნივთიერების დეფიციტზე სწრაფად რეაგირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სრულყოფილი საუზმე დიდი რაოდენობით საკვების მიღებას არ გულისხმობს. ის უნდა იყოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების და სხვა სასარგებლო ინგრედიენტების შემცველი პროდუქტების ისეთი თანაფარდობა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის ძილის შემდეგ.
სწორი კვების რაციონის განსაზღვრით და დროულად მიღებით ადამიანის ორგანიზმი უკეთ ფუნქციონირებს, ამიტომ მივაჩვიოთ ბავშვები დილის დაბალანსებულ კვებას.

