უკრაინა მსოფლიოში პირველ საზღვაო დრონების ფლოტს შექმნის

უკრაინა ახალი კამპანიის – United24-ის ფარგლებში, შიდა წარმოებული 100 საზღვაო დრონის შესაქმნელად, შემოწირულობების მიღებას იწყებს.

დრონების პირველ საზღვაო ფლოტს “ხერსონი” ერქმევა. ისინი უკრაინის წყლებსა და სავაჭრო გემებს დაიცავენ, ასევე რაკეტების მატარებელ გემებს შეაჩერებენ და გასაიდუმლოებულ მისიებს შეასრულებენ. დრონების ფუნქცია შორ მანძილზე საზღვაო დაზვერვასა და სანაპირო მეთვალყურებაში მონაწილეობაც იქნება.

ინიციატივას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც უჭერს მხარს.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედეროვის განცხადებით, თითო საზღვაო დრონის ღირებულება 250 000 აშშ დოლარია. მისი სიგრძე 5.5 მეტრი, წონა კი 1000 კილოგრამია. დრონის ტვირთამწეობა 200 კილოგრამს შეადგენს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 80კმ/სთ-ია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ მსგავსი შეიარაღება ოქტომბრის ბოლოს შავ ზღვაში რუსეთის საბრძოლო გემებზე თავდასხმის დროს გამოიყენა.

წყარო: Interesting Engineering-ი

ავტორი: თაკო ბოკუჩავა