“ღვინის დღეები საქართველოში” 15 ოქტომბერს დასრულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალი, ყოველწლიური ფესტივალი “ღვინის დღეები საქართველოში” აღინიშნება.

ფესტივალის მიზანია ქართული ღვინის ისტორიის, ღვინის სახეობებისა და კერძების შეხამების შესახებ ინფორმაციის გაცნობა და პოპულარიზაცია. ფესტივალი სტუმრებს, ასევე, პურის ცხობისა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობაც მისცემს. საფესტივალო ტერიტორიებზე, სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა მოეწყობა, შესაძლებელი იქნება  მრავალფეროვანი მუსიკის მოსმენა.

  ღვინის ფესტივალი საქართველოს 25 ქალაქს მოიცავს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ქართული ღვინის ისტორია 8 000 წელს ითვლის. საქართველოში ღვინის კულტურის არსებობას, არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილი, ძველი წელთაღრიცხვით მე-VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები, ამავე და შემდგომი პერიოდის ღვინის ჭურჭელი და სასმისები ადასტურებს.

  ველური ვაზი, პირველად ადამიანმა სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და მისგან ღვინის წარმოება დაიწყო, რაც ქვეყანას ღვინის სამშობლოს სტატუსსაც ანიჭებს.

  სალომე ხომასურიძე


პოდკასტი