ახალგაზრდები ზოდის გადასარჩენად იბრძვიან – სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის მოსახლეობა მანგანუმის კარიერული წესით მოპოვებას აპროტესტებს და სოფლის გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებს.

სოფლის ახალგაზრდები, რომლებსაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები მხარდაჭერას უცხადებენ, გამოვიდნენ ინიციატივით – „ვერთიანდებით ზოდის გადასარჩენად!“
ზოდი, ჯერ კიდევ 30-იან წლებიდან მანგანუმის კარიერული მოპოვების მძიმე შედეგებს იმკის, რამაც მცენარეული საფარის სრული დაზიანება გამოიწვია. ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განადგურებამ და დეგრადაციამ განაპირობა ის, რომ ხეები ვერ ფესვიანდება და შესაბამისად, ვერ ხარობს.როგორც ადგილობრივი მცხოვრები ნიკო გაფრინდაშვილი გვიყვება, ტერიტორიაზე განვითარებულია ეროზიულ-მეწყრული პროცესები, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა წვიმის დროს.
ნიკო გაფრინდაშვილი ვიდეოში გვიყვება, სოფელი ზოდი მანგანუმის კარიერული წესით მოპოვებამ, რამდენად მძიმე შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს და წლების შემდეგ ქვეყანა, რა რთული ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს.
იგი თანასოფლელებს მოუწოდებს, გააპროტესტონ კარიერების გახსნა და მოპოვება.
“ამ ეტაპზე სოფელი ახალგაზრდებისგან დაცლილია, რითიც სარგებლობს „ჯორჯიან მანგანეზი“. მათ შეცდომაში შეიყვანეს მოსახლეობა, ზოგი მოატყუეს, ზოგს მატერიალური დახმარება გაუწიეს”, – აცხადებს ნიკო გაფრინდაშვილი.
ავტორი: ქეთა მელიქიშვილი

