„სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებს წყვდიადს“

გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა

“ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში”, – გოდერძი ჩოხელი.

ქართველი მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად ფასანაურის საშუალო სკოლაში გადავიდა. 1972 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ხოლო 1974 წლიდან კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

საინტერესოა მისი თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების ისტორია. წერით გამოცდაზე მას რუსული ფილმის გარჩევა სთხოვეს. გოდერძი ჩოხელმა რუსული არ იცოდა, ცარიელი ფურცლების ჩაბარების კი შერცხვა და ლექსი დაწერა ირემზე, რომელიც ბარში ჩამოვიდა და დაჭრეს, ლექსში არწივი და შვლის ნუკრიც შეურია და ყველა მათგანში საკუთარი თავი წარმოაჩინა. ამ ლექსის წყალობით უმალ გავრცელდა ამბავი, რომ მთიდან ქალაქში პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და გამოცდაზე ფილმის გარჩევას ლექსად წერსო. თეატრალური ინსტიტუტის მაშინდელ რექტორს გოდერძი ჩოხელისთვის უთქვამს, – მიგიღებთ, ოღონდ ქალაქმა არ გაგაფუჭოსო.

გოდერძი ჩოხელი ქალაქმა ვერ გააფუჭა, პირიქით უფრო გამძაფრებულად გრძნობდა სოფელს, ბუნებასა და მთას, რომელიც მის ნაწარმოებებში სევდანარევად, მონატრების გრძნობით არის წარმოჩენილი.

გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში სიკეთე, სევდა და სიყვარული ისე სიღრმისეულად არის გადმოცემული, შეუძლებელია განცდის გარეშე ამის აღწერა. ქართველი მკითხველისთვის დღემდე ცოცხლობს გოდერძი ჩოხელი რადგან მისი შემოქმედება ზნეობის, ადამიანობის, სიკეთისა და მშვენიერების ნიმუშს წარმოადგენს.

“- რა არის სიცოცხლე?
– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
– სიკვდილი?
– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.”

გოდერძი ჩოხელზე ხშირად ამბობენ, რომ სიცოცხლეში უბედური იყო, თუმცა, როგორ შეიძლება ბუნების მოტრფიალე ადამიანმა ბედნიერება ვერ პოვოს სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ სიმდიდრე და უზრუნველი ცხოვრება არასოდეს ჰქონია, ის მთის შვილი იყო, რომელსაც ბედნიერებას მზისა და მთვარის ქვეშ არსებული სილამაზე ანიჭებდა, ატკბობდა და გულს უხარებდა.

მისი შემოქმედებითი ცხოვრების პირველი ნაბიჯი იყო ინტერესი, რომელიც ადრეულ ასაკში გაუჩნდა. ისტორია კი დაიწყო მაშინ, როდესაც მესამე კლასის მოსწავლემ პირველად ნახა კინო და მისი სახელი გაიგონა, ეს ფრაზა იყო, – „გოდერძი, შვილო!“

მაშინ ჯარისკაცის მამა თავის შვილს ეძახდა, თუმცა ამ ჯადოსნური სიტყვების წყალობით, საქართველომ უნიჭიერესი შემოქმედი შეიძინა, რომელმაც თავის მხრივ შეუფასებელი განძი დაუტოვა ქართველ ერს. გოდერძი ჩოხელი იხსენებდა, რომ სწორედ ამ დღეს კინოთი მოიწამლა.

მისი პირველი ნაწარმოები „წერილი ნაძვებს” 1980 წელს გამოიცა და წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა.

გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ”ბინდისფერი სოფელი”, ”თევზის წერილები”, ”შემინახე, დედაო მიწავ!”, ”სულეთის კიდობანი”, ”არჩევნები სასაფლაოზე”. ლექსების კრებული ”ბედი მდევარი”, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე ”შავი არაგვი”, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: ”მგელი”, და ”მღდვლის ცოდვა”.

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ”ნამეხარი მუხა”, ”ადგილის დედა”, ”ბაკურხეველი ხევსური”, ”აღდგომა”, ”ადამიანთა სევდა”, ”წერილი ნაძვებს”, ”უცხო”, ”თეთრი ალამი”, ”ცოდვის შვილები”, „სამოთხის გვრიტები”, „ლუკას სახარება”, „მიჯაჭვული რაინდები”. 2003 წელს გამოვიდა ფილმი „სიყვარულის ცეცხლი”, რაც გოდერძი ჩოხელის უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.

მწერალსა და რეჟისორს მიღებული აქვს ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები, მათ შორის: ანაპის ფესტივალმა “კინოშოკი“, ფილმისთვის “ლუკას სახარება” დააჯილდოვა საუკეთესო სცენარისთვის. ამავე ფესტივალზე მიიღო გრან- პრი ფილმისთვის “სამოთხის გვრიტები”, 1992 – თბილისის “ოქროს არწივის“ პრიზიორი გახდა საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო რეჟისურისთვის, მიღებული აქვს იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი.

1991 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისთვის “ცოდვის შვილები” დაიმსახურა “ვერცხლის ნიმფა” და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი მონტე–კარლოს კინოფესტივალზე ფილმისთვის “ცოდვის შვილები”. 1982 წელს კი, მიიღო ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან–პრი ფილმისთვის “აღდგომა”.

“- სიკვდილისა გეშინია?
– რატო მეშინია?!
– რატომ არა?
– იმიტომა რომა, სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.”

გოდერძი ჩოხელმა თავისი ვალი 2007 წლის 16 ნოემბერს მოიხადა. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

“მე კი დავრჩები ქვეყანას
ჭრელ-ჭრული ყვავილივითა,
თავ-თმაზე შემოსაწნავად,
ნეფიონთ გვირგვინივითა,
სიკვდილ-სიცოცხლის შემკვრელად
ოქროს საამო მძივითა,
დავრჩები გასახსენებლად
ლამაზი სიკვდილივითა.”

ავტორი: ქეთა მელიქიშვილი