სახალხო დამცველი: ადამიანის უფლებების მდგომარეობა რიგ შემთხვევებში უფრო დამძიმდა
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიას თქმით, გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა რიგ შემთხვევებში უფრო დამძიმდა. ამის შესახებ ლომჯარიამ პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც 2021 წლის ანგარიში უნდა წარადგინოს.
ომბუდსმენის განმარტებით, გასულ წელს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ არაერთი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამაც დაასუსტა აღნიშნული ინსტიტუტები:
“პირველ რიგში, ვგულისხმობ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ასევე მართლმსაჯულების სისტემაშიც იქნა დაჩქარებული წესით ისეთი ცვლილებები მიღებული, რამაც ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, სახალხო დამცველის აპარატის და მისი წარმომადგენელთა მიმართ იყო თავდასხმები.”
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, გასულ წელს განსაკუთრებით გართულდა უფლებადამცველების, ჟურნალისტების საქმიანობა და მათ მიმართ “ძალიან მტრული გარემო იყო შექმნილი”, მისი თქმით, ამან კულმინაციას მიაღწია 5 ივლისს და ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილები.
“შარშან ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ, სუს-დან ყველაზე მასიურ გაჟონვას ინფორმაციისა, რომელიც დიდი ალბათობით, ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ძალიან ფართომასშტაბიან სავარაუდოდ, უკანონო მიყურადებას, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევას.” – აცხადებს ნინო ლომჯარია
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ომბუდსმენს უპასუხა და აღნიშნა, რომ ლომჯარიას ანგარიში “ორღობის ჭორაობაა და მეტი არაფერი.”
“სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, საქართველოს ჰყავს მიკერძოებული, კომპეტენციისგან დაცლილი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი.” – თქვა ოცნების დეპუტატმა.
ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობისთვის ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილი კანდიდატურები უკვე წარადგინეს.
2022 წლის 9 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი 83 ხმით დაამტკიცა. მესამე მოსმენით კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ლელომ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა”. პარტიებმა ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ მათი შენიშვნების გათვალისწინება არ მოხდა.
ცვლილებების მიხედვით, მომავალი სახალხო დამცველის არჩევა დროებითად მოქმედი წესით მოხდება. კერძოდ: პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლის შემადგენლობაც ცხრა წევრისგან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე, პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან, საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს გამართავს.
შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონით შეაფასებს.